სრულიად სამართლიანია, რომ სახელმწიფომ გადახედოს ყველა იმ ობიექტების და ბიზნესის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობას, რომელიც მიზანმიმართულად დაარღვევს დაწესებულ აუცილებელ მოთხოვნებს – არ მინდა იყოს მიჩნეული, რომ ეს რესტორნების წინააღდეგ არის მიმართული, გამგები გაიგებს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება ყველა იმ ბიზნესს, რომელიც სახელმწიფო პროგრამით სარგებლობს.
„ამ შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას არამხოლოდ დაჯარიმების, არამედ სრულიად სამართლიანია, რომ სახელმწიფომ გადახედოს ამ ობიექტების სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობასაც იმიტომ, რომ ყველა ეს პროგრამა, რასაც ახლა ჩვენ ვახმოვანებთ – ეს არის თანხა, ეს არის სოლიდური თანხა, რომელიც მიდის ჩვენი ბიუჯეტიდან, ეს არის მოსახლეობის თანხა. რა თქმა უნდა, ჩვენ თუ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ვეხმარებით ბიზნესებს ამ რთულ ვითარებაში, მათი მხრიდანაც ველოდებით ადეკვატურ, პასუხისმგებლიან მიდგომას, ძალიან პასუხისმგებლიან მიდგომას იმიტომ, რომ ერთობლიობაში ვქმნით იმ დადებით ფონს, რაც გვეხმარება პანდემიასთან ბრძოლაში. აქედან გამომდინარე ეს სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილებაა”, – განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, თითოეული ჩვენგანის და მათ შორის, ბიზნესების პასუხისმგებლობაა, რომ არ მოხდეს გაუარესება. როგორც მინისტრი განმარტავს, მთავრობა მკაცრად მოითოვს წესების დაცვას.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) – გარდა შაბათ-კვირისა; ასევე 8 თებერვლიდან გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები – გარდა შაბათ-კვირისა.
