დეველოპერებისთვის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ს დაასუბსიდირებს, – ამის შესახებ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
„საქართველოს მთავრობა დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის 4%-ს, ყველა იმ იპოთეკური კონტრაქტის, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე 5 წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს შექმნის რეალურ მოთხოვნას სამშენებლო ბაზარზე, ეს ერთი და რა თქმა უნდა, 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვერდში დავუდგებით და მივეხმარებით თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ვინც გადაწყვეტს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, 2019-2020 წლებში 25 ათასი იპოთეკური სესხი და კონტრაქტია დადებული მშენებარე პროექტებში, რომლებიც ჯერ დასრულებული არ არის.
“რა თქმა უნდა, ჩვენ, მთავრობა ამ ხალხს ვერანაირად ვერ მივატოვებთ შუა გზაზე და ვერ მივატოვებთ ამ სამშენებლო კომპანიებსაც ბედის ანაბარა. ამიტომ, მეოთხე ანტიკრიზისული გეგმა ეკუთვნის დეველოპერულ და სამშენებლო კომპანიებს. ჩვენ ვდგამთ ამ ნაბიჯს, რომ პირველ რიგში დავეხმაროთ მოქალაქეებს, რომელბმაც განიზრახეს ან უკვე შევიდნენ პროცესში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, ან კონტრაქტული ვალდებულებები აქვთ, ან უკვე დანაზოგები აქვთ, რომელიც მათ განზრახული ჰქონდათ საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად, ამისთვის ჩვენ მივმართეთ ჩვენი ძალისხმევა სამშენებლო სექტორის მიმართ“, – განაცხადა გახარიამ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა რეალისტური და კონკრეტულია.