LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ, შესაძლოა, ტატუნაშვილის საქმეზე, სტრასბურგში საჩივრის შეტანის საკითხი განიხილოს

საქართველომ, ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით, შესაძლოა, სტარსბურგის სასამართლოს მიმართოს. როგორც „ფორტუნას“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, განუცხადა, საქართველო გამოიყენებს ყველა ქმედით მექანიზმს, რომელიც შედეგზე იქნება ორიენტირებული, მათ შორის, შესაძლოა, განიხილებოდეს არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის შეტანის საკითხი.

აღნიშნული ინიციატივით პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, გამოვიდა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველომ ეს მექანიზმი უნდა გამოიყენოს და სტრასბურგს საჩივრით მიმართოს, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ უნდა მოამზადოს.

„ჩვენ ადრეც გვითქვამს და არა ერთხელ, ახლაც გავიმეორებ, საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ამ მძიმე შემთხვევაზე იყოს სათანადო რეაგირება და მეორე მხრივ, იყოს მექანიზმები ამოქმედებული შემდგომი პრევენციისათვის, ამიტომ ახლა რაც შეიძლება იყოს უახლოეს მომავალში განხილვის საგანი მათ შორის საჭიროებიდან გამომდინარე  საერთაშორისო ექსპერტიზის ჩართვა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, ასევე პოლიტიკური ინსტრუმენტები, დიპლომატიური მოალაპარაკებები, მათ შორის ჟენევის ფორმატის გამოყენება, ასევე სამართლებრივი ინსტრუმენტების, ასე რომ, ყველაფერი განხილვის საგანია,“- ამბობს ქეთევან ციხელაშვილი.

კითხვაზე, იგულისხმება თუ არა ამ მექანიზმებში სტრასბურგის სასამართლო, მინისტრი ამბობს, რომ ეს განხილვის საგანია.

„სამართლებრივში აბა რა იგულისმება? ანუ ეს განხილვის საგანია, ჩვენ ყველა ის ინსტრუმენტი რაც ქმედითია, შედეგზეა ორიენტირებული უნდა გამოვიყენოთ.

როცა მე მენქება კონკრეტული პასუხი, ამას გეტყვით,“- აღნიშნავს ქეთავან ციხელაშვილი.

 

მისივე თქმით, ექსპერტების ინფორმაციით, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება. მინისტრი ვერ აკონკრეტებს, როდის იქნება ექსპერტიზის საბოლოო შედეგები, თუმცა, აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების ინტერესია, რაც შეიძლება მალე გაირკვეს, თუ რა გარემოებებში მოხდა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა.

„ამასთან დაკავშირებით არა ერთი კითხვა არსებობს. ის რაც ვრცელდებოდა, რა თქმა უნდა, ძალიან წინააღმდეგობრივი იყო და არა სარწმუნო ვერსიებია. თქვენ იცით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან მძიმე, ტრაგიკულ ფაქტთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ მოხდა პირის უკანონოდ დაკავება, დაკავების დროს მისი სიცოცხლის ხელყოფა. ახლა გამოძიების ამოცანა გახლვათ ის, რომ დადგინდეს გარემოებები და შესაძლო პასუხისმგებელი პირებიც.

მე ადგილზე ვიყავი, როცა სამხარაულის ბიუროში ძალიან ინტენსიურ რეჟიმში, დროში შემჭირდოვებულად საგამოძიებო სამუშაოებიც მიმდინარეობდა და სამედიცინო და სასამართლო ექსპერტიზაც ტარდებოდა, რაც შესაძლებლობას მისცემს უკვე ექსპერტიზას, რომ კვალიფიციური დასკვნები დადოს,“– აღნიშნავს ქეთევან ციხელაშვილი.

მინისტრმა „ფორტუნასთან“ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ეფექტიანობაზეც ისაუბრა. ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, სია ქმედითი იქნება, თუ გამოვლიანდებიან კონკრეტული დამნაშავე პირები.

„იქ საუბარია სამართლებრივ განზომილებაზე, ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებზე. ჩვენ გავქვს ოთხოზორიას მკვლელობის შემთხვევა, როცა პირი იდენტიფიცირებულია და ამ პირის მიმართ უკვე სანქცია გახლავთ ის, რომ წითელი ცირკულარით იძებნება. რაც შეეხება ტატუნაშვილის შემთხვევას, აქ გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, სია შეიძლებოდა ყოფილიყო ქმედითი, თუკი გამოვლენილნი იქნებიან კონკრეტული დამნაშავე პირები, პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე იმ რეზოლუციაში ძალიან მტკიცე გავნილებია და ჩანაწერები,“- ამბობს მინისტრი.

პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრისას, „ფორტუნა“ დაინტერესდა ასევე მინისტრის პოზიციით, რამდენად ეფექტიანი იქნებოდ,ა რეზოლუციაში, რუსეთის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სანქციების შეტანა, რასაც პარლამენტს „ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობდა. ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ მას პოზიციის დაფიქსირება მხოლოდ იმ რეზოლუციაზე შეუძლია, რომელიც პარლამენტმა მიიღო.

„მე ახლა ამაზე ვერ გავაკეთებ (კომენტარს), პარლამენტს კითხეთ. რა რეზოლუციაც გამოვიდა, იმ რეზოლუციაზე შემიძლია გავაკეთო კომენტარი,“- ამბობს ქეთევან ციხელაშვილი.

მინისტრის განმარტებით, რეზოლუცია მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს, მათ შორის, მოწოდებას იმის თაობაზე, რომ რუსეთმა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და შეწყდეს მძიმე ტიპის დარღვევები.

ციხელაშვილი რეზოლუციაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ „რეზოლუცია არ არის მხოლოდ სია და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიცავს ძალიან სერიოზულ მესიჯებს და გზავნილებს და ეს ხმამაღალი და სწორი განაცხადია პარლამენტის მხრიდან“.

მინისტრი სოფელ აძვის ორი მკვიდრის დაკავებასაც ეხმიანება. მისი შეფასებით, გუშინდელი ფაქტი მორიგი უკანონო ქმედებაა, რომლის წინააღმდეგაც არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა არის მიმართული.

„ბუნებრივია, ამის თაობაზე შემდგომ შეხვედრებზე იქნება საუბარი, მათ შორის მოდის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი, ასევე, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა. აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენს ხელთ არსებული მშვიდობიანი საშუალებებით, რომ ადამიანის უფლებები აღარ ირღვეოდეს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, ეს ადამიანები საკუთარ სოფელში, სალოცავთან ახლოს დააკავეს.

მინისტრის ინფორმაციით, დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. გააქტიურებულია ცხელი ხაზი და მათი რაც შეიძლება სწრაფად გასათავისუფლებლად მუშაობა მიმდინარეობს.

 

თაკო ივანიაძე

 

magti 5g