საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ დაწყებული საქმე ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული იყოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
“ჩვენ ამ პროცესს ვაკვირდებით. გვქონდა საგანგებო შეხვედრა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, იუსტიციის მინისტრთან. განვიხილეთ სარჩელთან დაკავშირებული საკითხები. მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ საქმე ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული იყოს. დანარჩენი დამოკიდებულია სტრასბურგის სასამართლოზე. ჩვენ ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
23 მაისს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის შეიარაღებულ კონფლიქტსა და მის შედეგებთან დაკავშირებით საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს განიხილავს.
სარჩელი საქართველომ 2008 წლის 11 აგვისტოს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის შესაბამისად შეიტანა. სარჩელი ეხება სიცოცხლის უფლების, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, სიცოცხლის უფლების, საკუთრების დაცვისა და განათლების უფლების და გადაადგილების თავისუფლების დარღვევებს.