მგონია, რომ მთავრობაში ეკონომიკური მიმართულება თვითდინებაზეა მიშვებული და იმედი აქვთ, რომ ღმერთი არ გაგვწირავს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ეკონომიკის მინისტრის მიერ პოსტიდან წასვლის შესახებ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ამ რეალობიდან გამომდინარე ძალიან უიმედოდ ვგრძნობ თავს“,- განაცხადა ფოფხაძემ.
კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება გიორგი ქობულიას პოსტიდან წასვლა ბიძინა ივანიშვილს, დეპუტატის პასუხობს, რომ იყო დრო, როცა ივანიშვილი განსხვავებული ადამიანების მიმართ ძალიან ლოიალური იყო, მაგრამ ახლა ძალიან აგრესიული გახდა.
“თვითონ უნდა ახსნას ეს ყველაფერი. ვინაიდან მისი პოლიტიკური წონა იძლევა საფუძველს, რომ ეს კითხვები დაისვას, ის უნდა გამოჩნდეს საზოგადოებასთან და გასცეს კითხვებს პასუხები. საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ მინისტრები არ გვყავს. ამ მოცემულობაში ფორმალურად ესა თუ ის ადამიანი იქნება თუ არა მინისტრის პოსტზე, ეს არსებითად არაფერს ცვლის,“- განაცხადა ფოფხაძემ.