LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის ადმინისტრაციაში შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე იმსჯელეს

101
შშმ პირთა უფლებების დაცვა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, რომელსაც მინისტრების მოადგილეები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კახაბერ ქემოკლიძე უძღვებოდა.

შეხვედრის მიზანი იყო – “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ” საქართველოს კანონით ნაკისრი ვალდებულებების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეთანხმება.

„ვიმსჯელეთ იმ პირველი რიგის ამოცანებზე, რომელთა გადაჭრაც უმნიშვნელოვანესია, რათა შშმ პირთა უფლებების ახალი კანონი ეფექტიანად და სწრაფად აღსრულდეს ,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა.

მთავრობის ადმინისტაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა 2021-2030 წლებისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობას, 2021 წლის პირველ კვარტალში დაასრულებს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხები, შესაბამისად აისახება.

მათივე ცნობით, გარდა ამისა, რელევანტური უწყებები, შიდა უწყებრივ სამოქმედო გეგმებს შეიმუშავებენ, სადაც უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტები გაიწერება.

„კანონი კონკრეტულ ვადებს განსაზღვრავს  და ეს ერთობლივი მუშაობა სწორედ იმას ისახავს მიზნად, რომ განსაზღვრულ ვადებში ყველა უწყებამ  ჩვენი ვალდებულებების შესრულება შევძლოთ, ხოლო ეს ყველაფერი კოორდინირებულად  გაკეთდეს,“ – აღნიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა.

თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა, გიგა სოფრომაძემ კი განაცხადა რომ, შეხვედრისას უწყებებმა ერთობლივად გაიარეს და შეაჯერეს ის საკითხები, რაზეც კანონის აღსრულების პროცესში იმუშავებენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკოორდინაციო კომიტეტის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვაზე მუშაობა, თემის წარმომადგენლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით კვლავ გაგრძელდება.

სახელმწიფომ შშმ პირების 76% აბსოლუტური ყურადღების მიღმა დატოვა – რა პრობლემების წინაშე დააყენა პანდემიამ თემი