“ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, როდესაც ეს ფრაქცია ასეთი პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. ფრაქციას დღეისათვის 7 წევრი ჰყავს, თუმცა ველოდები, რომ ეს რაოდენობა გაიზრდება”, – ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახალ ფრაქციას „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის,” რომელიც საკანონმდებლო ორგანოში დღეს შეიქმნა, ამ პარლამენტის მუშაობის პერიოდში, მნიშვნელოვან სიტყვას აუცილებლად იტყვის.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩემმა კოლეგებმა და მეგობრებმა ფრაქციის თავმჯდომარეობის ძალიან საპასუხისმგებლო პოსტი მანდეს. განსაკუთრებით საამაყოა, როდესაც ეს ფრაქცია ასეთი პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. ფრაქციას დღეისათვის 7 წევრი ჰყავს, თუმცა ველოდები, რომ ეს რაოდენობა გაიზრდება. ვფიქრობ, ეს ფრაქცია აუცილებლად იტყვის მნიშვნელოვან სიტყვას ამ პარლამენტის მუშაობის პერიოდში და რაც მთავარია ჩვენ, როგორც ყოველთვის ვართ თანმიმდევრულები”. – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტში პირველი პუნქტი სრულად შესრულდა – ორი ადამიანი საპატიმროდან გათავისუფლდა და შესაბამისად, ჯაფარიძის განცხადებით, ახლა მათ შეუძლიათ პარლამენტის მუშაობაში სრულფასოვნად ჩაერთონ.
ამასთან, როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ თქვა, საპარლამენტო საქმიანობაში მაქსიმალური მონაწილეობა მიიღონ იმისათვის, რომ ამ მთავრობას თანამოქალაქეების ხმა მიაწვდინონ, რომელსაც ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება.
“რაც მთავარია, ჩვენ უნდა დავიწყოთ ზრუნვა იმაზე, რომ ქვეყანამ შეძლოს და გაუმკლავდეს ეკონომიკურ გამოწვევებს, რეგიონულ გამოწვევებს უსაფრთხოების კუთხით, ასევე სოციალურ უმწვავეს პრობლემებს და ჯანდაცვის მიმართულებით უმწვავეს პრობლემებს”. – აღნიშნა ჯაფარიძემ.
მისივე სიტყვებით, ყოველდღიურად თითოეული ფრაქციის წევრის საზრუნავი სწორედ ის იქნება, რომ პრობლემები, რომელიც დაგროვდა, გადაჭრისთვის ზრუნვა დაიწყონ.
“მთავრობის არც ერთ წევრს მოსვენებას არ მივცემთ, ვიდრე მათგან ადეკვატურ ნაბიჯებს არ დავინახავთ იმისათვის, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა შვება იგრძნონ. რა თქმა უნდა, სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება, ქვეყანაში რადიკალური რეფორმები იმ მასშტაბით და დოზით როგორც ჩვენ გვსურს, ვერ განხორციელდება, მაგრამ მიშელის დოკუმენტი საშუალებას გვაძლევს, რომ დღეს, ჩვენ შევავიწროვოთ ყველგან ის გაბატონებული კლანი, მათ შორის, სასამართლოში, რათა მოვამზადოთ ფუნდამენტი ძირეული რეფორმებისათვის, რომელიც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისა და ამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყება,“ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, შეგახსენებთ, რომ “ლელო”, სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე ახალ ფრაქციას ქმნიან.