საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოს, საქართველოს ტერიტორიების UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეყვანას ულოცავს. მისი განცხადებით, ეს ქვეყნისთვის უდიდესი წარმატებაა.
„საქართველოს ნომინაცია „კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები“ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. მთელ საქართველოს და თითოეულ თქვენგანს ვულოცავ ამ უდიდეს წარმატებას, ასევე მადლობას ვუხდი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელმაც, საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით, მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია ამ აღიარების მოსაპოვებლად.
გეოგრაფიული მრავალგვარობა და ბუნებრივი სიმდიდრე ჩვენი ქვეყნის სახეს განსაზღვრავს და იმ განსაკუთრებულ მუხტს გვძენს, რომელსაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადასცემდნენ.
ბუნებრივი მემკვიდრეობა ეს ის სიმდიდრე და ფასეულობაა, რომელიც ყველა ჩვენგანს ეკუთვნის. სწორედ ამიტომ, თითოეულმა მოქალაქემ კარგად უნდა გააცნობიეროს თავისი როლი მისი მოვლა-პატრონობის საქმეში. ეს მემკვიდრეობა ჩვენ წარსულიდან გვერგო, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ მისი აწმყოსთან და მომავალთან დაკავშირება, ჩვენ, თანამედროვე საზოგადოებამ, პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და თვალის ჩინივით დავიცვათ ის, რაც ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს, რაც ქართველისთვის სიწმინდესთანაა გაიგივებული და რაც საკუთარ თავში ჩვენი რწმენის წყაროა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უდიდეს მიღწევას და საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის საერთაშორისო აღიარებას!“, – წერს ზალკალიანი.