LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელი ჩვენი სტაფია დაღუპული, მათ შორის ჩემი მაზლი“ – გუდაურში გარდაცვლილი ინდოეთის 11 მოქალაქის ახლობლები მათ გადასვენებას ინდოეთში, ან იმ ქვეყანაში ცდილობენ, სადაც კრემაციაა შესაძლებელი, 25 წლის ქართველი გოგო კი საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს

469
უბედური შემთხვევა გუდაურში

გუდაურში ინდური რესტორნის ერთ-ერთი თანამშრომელი სატელეფონო საუბარში ტრაგედიის სავარაუდო მიზეზებს ჰყვება. 12 გარდაცვლილს შორის მისი ოჯახის წევრიცაა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. ობიექტზე, სადაც 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობდნენ. საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე „კურიერის” კამერამაც გადაიღო.

„გუდაურში მდებარე ინდურ რესტორანში ნანახი იქნა, სავარაუდოდ, ამავე ობიექტში დასაქმებული 12 ადამიანის ცხედარი“ – შსს-ს განცხადება

წინასწარი ინფორმაციით, ინდოეთის 11 და საქართველოს ერთი მოქალაქე ობიექტზე გენერატორის გამონაბოლქვით გაიგუდნენ.

ცხედრები ტაქსის მძღოლმა იპოვა, რომელიც ობიექტს საყოფაცხოვრებო ნივთებით ამარაგებდა. გაირკვა, რომ რესტორნის მეორე სართულზე საძინებელი იყო მოწყობილი. სწორედ იქ ნახეს ყველა გარდაცვლილი.

„მთელი ჩვენი სტაფია დაღუპული, მათ შორის ჩემი მაზლი.“ – ამბობს რესტორნის ერთ-ერთი თანამშრომელი სატელეფონო საუბარში.

გუდაურში ინდოეთის მოქალაქეებმა კომერციული ფართი, დაახლოებით, ორი წლის წინ იქირავეს და იქ საკვებ ობიექტს ამუშავებდნენ. მათ ადგილობრივებიც კარგად იცნობდნენ. გარდაცვლილთა ასაკი 25-დან 40 წლამდე მერყეობს. მათ შორის, 8 მამაკაცი და 4 ქალია.

„ორი ახალგაზრდა კართან იყო გარდაცვლილი… გარდაცვლილია 25 წლის ქართველი გოგონა, მიმტანად მუშაობდა“ – გუდაურში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

ინდოეთის მოქალაქეს ახალი გუდაურის ასასვლელთან მარსაგიშვილების კერძო სახლი ჰქონდა ნაქირავები, სადაც პირველ სართულზე იყო ინდური რესტორანი „ჰაველი“, მეორე სართულზე კი – რესტორნის თანამშრომლების მოსასვენებელი ოთახები, სადაც ღამით ეძინათ

გარდაცვლილთა შორისაა რესტორნის მეპატრონე, რომელიც ინდოეთის მოქალაქეა. ახალგაზრდა მამაკაცის ძმას, დღეს, “კურიერი” ესაუბრა. ის ყვება, რომ ძმა გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე სატელეფონო კავშირზე აღარ გამოდიოდა, რის გამოც, გუდაურში ჩასვლა თავად გადაწყვიტა. ადგილზე მისულს კი ობიექტზე უკვე სამართალდამცველები დახვდნენ.

გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიას წინ უძღოდა ძლიერი ქარი და უამინდობა, რის გამოც, კურორტზე ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდა. სწორედ ამ მიზეზით, ობიექტზე გენერატორი ჩართეს, თუმცა გამონაბოლქვი, სავარაუდოდ, რესტორნისა და საძინებელი ფართის შიდა ტერიტორიაზე აღწევდა, მომწამვლელმა ნივთიერებამ კი, საბოლოოდ, 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გარდაცვლილთა ცხედრები გამთენიისას თბილისში, ექსპერტიზის ბიუროში გადმოასვენეს. 12-ვე ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, თუმცა გარდაცვალების მიზეზებზე ოფიციალური დასკვნა, სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი. ახლა ახლობლები ცხედრების გადასვენებას ინდოეთში, ან მინიმუმ იმ ქვეყანაში ცდილობენ, სადაც გარდაცვლილების კრემაციაა შესაძლებელი.

ინდოეთის მოქალაქეების ცხედრები, ამ დრომდე, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რჩება. კიდევ ერთი გარდაცვლილი, 25 წლის ქალი საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g