სასამართლოსგან ვითხოვ, დამტკიცდეს თემირლანის უდანაშაულობა, აღიარონ, რომ არაფერში იყო გარეული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, აიზა მარგოშვილმა სასამართლოში განუცხადა, სადაც მაჩალიკაშვილის ოჯახის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.
როგორც მარგოშვილი აცხადებს, მისი შვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მტკიცებულებების გარეშე დაადანაშაულა ტერორიზმთან კავშირში.
„მტკიცებულების გარეშე, პირდაპირ ტერორისტებთან დააკავშირეს ჩემი შვილი. თუ სწამთ ღმერთი და ადამიანობის ერთი პროცენტი თუ შერჩენიათ, ეყოთ ამდენი უსამართლობა, ამდენი არაადამიანური ბრალდება და ცილისწამება. ღმერთის წყალობით, მგონი გავიმარჯვებთ და დამტკიცდება თემირლანის უდანაშაულობა,” – განაცხადა მარგოშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის წინააღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების, აიზა მარგოშვილისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.
სარჩელით, მაჩალიკაშვილის ოჯახი სუს-ს მათი გარდაცვლილი შვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევას ედვება.
სასამართლო სხდომას არ ესწრება მალხაზ მაჩალიკაშვილი. პროცესზე გამოცხადდა ზაზა სარალიძეც.
