LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მურაბების მომზადება დავიწყე და ვაბარებდი… როცა ორი ხელი და ორი ფეხი გაქვს და ამპარტავნებას უკან გადააგდებ, ყველაფერი გამოვა“ – ნატუკა გულისაშვილი

867
ნატუკა-გულისაშვილი

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი ნატუკა გულისაშვილი

მოდი, ბავშვობაში დავბრუნდეთ…

ჩვენთან ძალიან ხშირად იშლებოდა სუფრები, მე ამ საქმეში მაქსიმალურად ვიყავი ჩართული, ვგიჟდებოდი სტუმრებზე და არასდროს მაღიზიანებდა მთვრალი მამაკაცი. ყველაფერს აღვნიშნავდით, ძაღლის სკოლის დასრულებას, ასევე სკოლაში მიღებულ ორიანს. მამაჩემმა თქვა: „პირველად მიიღო ბავშვმა ორიანი, ეს უნდა აღვნიშნოთო“. დღემდე ასე ვარ, მიყვარს სტუმრები, მარტო რომ ვარ, არ შემიძლია. მიყვარს გამასპინძლება.

როგორი იყო ფუფუნებიდან ჩვეულებრივ ცხოვრებაში გადასვლის ეტაპი?

უცბად დასრულდა ყველაფერი, მაგრამ ყველაფერს ეშველება, თუ გაქვს რწმენა, ყველაფერი გამოვა. მამა რომ გარდაიცვალა, ერთ საათში გავიზარდე, ყველაფერი ჩემზე იყო – დედის, ბებიის და მამიდის მიხედვა. დედა ძალიან უსუსური იყო და მამაჩემის მხრიდან განებივრებული. როცა ვიგრძენი, რომ ოჯახს სჭირდებოდა კაცი, ნატუკა გახდა კაცი, თუმცა ეს პერიოდი მე დამეხმარა. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ხდება რაღაცისთვის.

მომენტი, რომელმაც რადიკალურ შეცვალა შენი ცხოვრება…

პირველი იყო მომენტი, როცა მამაჩემი ჩემ გვერდით იწვა, გადატრიალდა და უეცრად რაღაც ხმა გავიგე, ეს იყო გულის გახეთქვის ხმა. მეორე იყო, როცა ჩემმა ძმამ ფეხბურთს უყურა, დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა, თრომბით გარდაიცვალა და მესამე იყო დედა, რომელიც საავადმყოფოში კოვიდით იწვა, ტელეფონით მესაუბრებოდა, უეცრად რაღაც ხმები გავიგე, ის გაითიშა. უფალი იმაზე მეტ განსაცდელს არ მოგივლენს, რასაც ვერ გადაიტან.

ახლა შენი სამსახიობო კარიერის შესახებ გვესაუბრე

რაც შეეხება ჩემს მსახიობობას, გეტყვით, რომ ჩემი დიდი ბებია გახლდათ მარო თარხნიშვილი, პირველი ლოტბარი ქალი. ჯერ კონსერვატორია დავასრულე, მეცო-სოპრანო ვიყავი, დავით ანდღულაძე იყო ჩემი პედაგოგი. სულ მეგონა, რომ თეატრალურში მაღალი, გამხდარი ქერა გოგონები აბარებდნენ, მეც ვცადე და ჩავაბარე. არავინ შემეწინააღმდეგა. ჩემი პირველი როლი იყო ავთო ვარსიმაშვილის სერიალი „სახლი ძველ უბანში“, ეპიზოდური როლი მქონდა. დედა საკმაოდ კრიტიკულად მაფასებდა ხოლმე. რაც შეეხება ტელევიზიას, პირველი სერიოზული ნაბიჯი იყო „ტელე იმედში“, კულინარიული რუბრიკა მქონდა.

კოვიდის პერიოდში რით ირჩენდი თავს?

რადიო მქონდა ერთადერთი, თუმცა დიდი ანაზღაურება არ იყო. მერე ავდექი და მურაბების მომზადება დავიწყე და ვაბარებდი. სხვათა შორის, მანამდეც მქონდა გამოცდილება, როცა ოჯახი დამენგრა, მეორადების მაღაზია გავხსენი. როცა ორი ხელი და ორი ფეხი გაქვს და ამპარტავნებას უკან გადააგდებ, ყველაფერი გამოვა. ერთხელ, როცა მეორადებში ვიყავი, ქალი შემოვიდა და მკითხა, თქვენ მსახიობი არ ხართო? მე ვუთხარი, რომ არა, ჩემი და არის და მას მიმამსგავსეთ-მეთქი. კი არ შემრცხვა, რა სისულელეა, მე უბრალოდ სხვა მსახიობების იმიჯი არ შევლახე.

რა რაცია გაქვს კრიტიკაზე?

არ მაინტერესებს, დაწერა ცუდი? ნატუკა რას გავხარო, კი ბატონო, იმ მომენტში მე მას ვუშველე.

ახალი გადაცემა მიგყავს „პოს ტვ“-ზე, როდესაც შენ ირმა სოხაძე ჩაანაცვლე, იყო რაიმე აგრესია და უხერხულობა?

ზოგადად, შეუცველი არავინაა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ირმა სოხაძე არის ისტორია. ყოველივე ეს მშვიდად მოხდა, შეიძლება მე წავიდე და სხვა მოვიდეს. ჩვენ რადიკალურად განსხვავებულები ვართ, სხვადასხვა მანერა გვაქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები