თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი და ნინი ბადურაშვილი ქართულ-თურქულ პროექტში ერთად ითამაშებენ. ფილმს ერეკლე ბადურაშვილი გადაიღებს. იდეა ისმედ მიქელაძეს ეკუთვნის, სცენარზე კინოსტუდიამ იმუშავა. სცენარის მიხედვით, ლაზი ბიჭი, რომელსაც ილდირიმი განასახიერებს, საქართველოში საქმიანი ვიზით ჩამოდის და ქართველი გოგონა (ნინი ბადურაშვილი) შეუყვარდება.
ფილმისთვის ჯერჯერობით ფინანსების მოძიება მიმდინარეობს. მურატ ილდირიმი როლის შესრულებაზე თანახმაა, რადგან სცენარი ძალიან მოეწონა. ნინი მას სტამბოლში შეხვდა. ნინი ბადურაშვილი „ფორტუნას“ პროექტის შესახებ ესაუბრა.
ნინი:
ფილმის გადაღება გადაწყვეტილია, მე და მურატი მთავარ როლებზე ვართ დამტკიცებულები. მას სტამბოლში შევხვდი და სწორედ ამ თემაზე ვისაუბრეთ. ძალიან მოეწონა სცენარი და თანახმაა ითამაშოს, თუმცა გვთხოვა, რომ გადაღებები რაც შეიძლება მალე დაიწყოს. მას თავისი ბიზნესიც აქვს და უამრავ სერიალში თამაშობს, ამიტომ ცოტა დროის დეფიციტი აქვს.
ვცდილობთ, გადაღებები მალე დაიწყოს, მაგრამ ფინანსების მოძიების ეტაპია. რასაც მე ვუყურებ, ისეთი ამბები ხდება აქ კინოსთან დაკავშირებით… ძალიან მცირე თანხაა გამოყოფილი, მგონი, დაახლოებით ოთხი მილიონი, რომელიც ათმა ფილმმა უნდა გაიყოს. ვფიქრობ, ქართული კინოსთვის სახელმწიფომ მეტი დაფინანსება უნდა გამოყოს, რადგან კინემატოგრაფი ის დარგია, რითაც წლების განმავლობაში ვამაყობდით. უფრო მეტად უნდა დაფასდეს ეს სფერო. იმედი მაქვს, რომ ფილმის დაფინანსებაში სახელმწიფოსთან ერთად ბიზნესიც ჩაერთვება.
პროექტი ქართულ-თურქულია?
დიახ, მასში ორივე მხარე მონაწილეობს და ორივე ქვეყანაში იქნება ნაჩვენები. ჯერჯერობით სხვა მსახიობები არ არიან დამტკიცებულნი. რაც შეეხება სცენარს, ეს არის სიყვარულის ამბავი, ქართველ გოგონასა და ლაზ ბიჭს შორის. ძალიან საინტერესო და კარგი სცენარია.
ნინი, არ ღელავ?
მე სამსახიობო ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, კინოშიც მიმიღია მონაწილეობა და სერიალშიც, მაგრამ რასაკვირველია, მაინც მაქვს ღელვის მიზეზი. საქმე სიმღერას რომ ეხებოდეს, არ ვინერვიულებდი, მაგრამ ასეთ სერიოზულ როლს პირველად შევეჭიდები და ვნახოთ, რა გამოვა. უფრო ახალი საქმეა მაინც ჩემთვის.
ფილმი ინგლისურ ენაზე იქნება?
მეც დავსვი ეს შეკითხვა. ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ალბათ, ჩვენი გმირები ერთმანეთს ინგლისურად დაელაპარაკებიან, რადგან მურატის პერსონაჟმა ქართული არ იცის და ჩემმა გმირმა – თურქული.
ნინო მურღულია