„დახურული შეხვედრა იყო და დეტალებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ, თუმცა, მინდა, ხაზგასმით გითხრათ, იმ სიბინძურეს, რაც მიმდინარეობს მოსამართლეების და სასამართლო სისტემის მხარეს, არ ვაპირებ, ავყვე“, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მურუსიძის თქმით, დახურულ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილს ყველანაირი ინფორმაციას მიაწოდა.
„რაც შეეხება მტკიცებულებებს და ზოგადად იმ ინფორმაციას, რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, როდესაც ჩავთვლი საჭიროდ, ამას საზოგადოება შეიტყობს.
ველოდები, რომ კიდევ ბევრ სიბინძურეს, ფეიკნიუსებს, დაბრალებებს, სხვათა შორის უნიჭოდ ექნება ადგილი, ამას ველოდები და შესაბამისად, როგორც კი ჩავთვლი საჭიროდ, ამას საზოგადოება შეიტყობს. ყველა ინფორმაცია დახურულ შეხვედრაზე გაჟღერდა“, – განაცხადა მურუსიძემ.
ღარიბაშვილი: მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, მე ვამაყობ ყველა მოსამართლით
„მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ სასამართლოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება ყოველგვარი ჩარევებისა და ზეწოლისგან, ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა და მთავარი მიზანი, რომლისკენაც ვისწრაფვით“, - განაცხადა პრემიერმა.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის განცხადებით, მიესალმება მოსამართლე ირაკლი შენგელიას პოზიციას, რომელიც აპირებს, 4 მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
როგორც მურუსიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, სანქციები არის გზავნილი, რომ თუ მოსამართლეები ამერიკისა და მისი საელჩოსთვის მისაღებ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, აშშ მათზე ზეწოლას განახორციელებს.
„ირაკლი შენგელიას პოზიციას, აშშ-ს გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით, მე მივესალმები. ჩვენთან, მოსამართლეებთან მიმართებით, კორუფციული ბრალდებების წამოყენება აბსურდულია. ეს უნდა გასაჩივრდეს აშშ-ს სასამართლოში. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართულ საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ ეს სანქციები სასამართლო სისტემის მიმართ თავდასხმაა. ეს არის გზავნილი, რომ თუ ჩვენ, მოსამართლეები არ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც ამერიკისთვის და მისი საელჩოსთვის იქნება მისაღები, ისინი ჩვენზე ზეწოლას განახორციელებენ“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს 5 აპრილს სანქციები დაუწესა.
სანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით დღეს, 10 აპრილს მთავრობის მეთაურმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მოსამართლეებს მხარდაჭერას უცხადებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა სასამართლოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება დაიცვას.
ამავე თემაზე:
„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე
„განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის” – როგორ ეხმაურება ოპოზიცია აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას