ნათია თურნავას ინფორმაციით, თბილისის მერიას კულტურის მოღვაწეების დასახმარებლად 400 ათასი ლარი გამოეყოფა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, კულტურის მოღვაწეები და მუსიკოსები ახალი წლის ღამეს ყოველთვის მონაწილეობდნენ ღონისძიებებში, წელს კი ამას მოკლებულნი არიან.
„მოგეხსენებათ, ჩვეულებრივ დროს პანდემიამდე, აქტიურად იყვნენ ჩართულები საახალწლო ღონისძიებებში, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით იმართებოდა. დღეს ჩვენი კულტურის მოღვაწეები, მუსიკოსები მოკლებულები არიან ამ შესაძლებლობას, ვინაიდან არსებული შეზღუდვების გამო, არ იფუნქციონირებენ რესტორნები, მკაცრად არის აკრძალული სასტუმროებში საკონცერტო ღონისძიებების გამართვა, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის მერიას გამოეყოფა 400 ათასი ლარი ასიგნება, იმისთვის, რომ მან ჩართოს თავის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებაში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე და მუსიკოსი, ვინც სხვაგვარად ამ შესაძლებლობას არიან მოკლებულები“,- განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, მერიის ორგანიზებით, საახალწლო კონცერტი 31 დეკემბერს მაყურებლის გარეშე გაიმართება და ის ტელევიზიით გადაიცემა.