LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზის დაბნელება გამოტოვეთ? აი, სად უნდა იმოგზაუროთ 2027 წლის „საუკუნის დაბნელების“ სანახავად

116
საუკუნის დაბნელებ

თუ წლევანდელი მზის სრული დაბნელება გამოტოვეთ და განიცდით, იცოდეთ, რომ 2027 წელს კიდევ ერთი განსაკუთრებული ციური მოვლენა გველოდება, რომელსაც „საუკუნის დაბნელებად“ მოიხსენიებენ.

ეს დაბნელება 2027 წლის 2 აგვისტოს შედგება და ყველაზე ხანგრძლივი იქნება 2114 წლამდე – სრული ფაზის ხანგრძლივობა მაქსიმალური დაბნელების წერტილში (ეგვიპტეში) 6 წუთსა და 23 წამს მიაღწევს. შედარებისთვის, 2026 წლის 12 აგვისტოს მზის სრული დაბნელების მაქსიმალური ფაზა მხოლოდ 2 წუთსა და 18 წამს გრძელდებოდა.

2027 წლის მზის დაბნელების სანახავად მაინცდამაინც ეგვიპტეში წასვლა არ არის საჭირო, რადგან სრული დაბნელების ზოლი გიბრალტარის სრუტეზე გაივლის და შემდეგ ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონების გავლით გაგრძელდება.

ეს მოვლენაც განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე იქნება ესპანეთისთვის, თუმცა ქალაქები, რომლებიც სრული დაბნელების ზოლში ხვდებიან, წლევანდელისგან განსხვავებულია – მარბელიაში სრული დაბნელება 3 წუთსა და 21 წამს გასტანს, ხოლო კადისში სიბნელე 2 წუთისა და 56 წამის განმავლობაში შენარჩუნდება. სეუტასა და მელილიაში – ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარე ესპანეთის ექსკლავებში – სრული დაბნელება 4 წუთსა და 49 წამს და 4 წუთსა და 34 წამს გაგრძელდება.

გიბრალტარში მზის დაბნელების სრულ ფაზად 4 წუთი და 28 წამია ნავარაუდევი.

იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე დაბნელება 2 წუთსა და 56 წამს გაგრძელდება.

მაროკოში, ქალაქ ტანჟერში, სრული დაბნელება 4 წუთსა და 51 წამს გასტანს. სრული დაბნელების ზოლში ტუნისის რამდენიმე ქალაქიც მოექცევა, მათ შორის, სამხრეთ-აღმოსავლეთის საპორტო ქალაქი სფაქსი სიბნელეში 2 წუთისა და 56 წამის განმავლობაში აღმოჩნდება.

საუდის არაბეთში, ქალაქ ჯიდაში, სრული ფაზა 5 წუთსა და 53 წამს, ხოლო მექაში – 5 წუთსა და 10 წამს გასტანს.

NASA-ს მზის დაბნელების პროგრამის მეცნიერის, დოქტორ კელი კორეკსის თქმით, დაბნელებისას ტემპერატურა რიგ ქვეყნებში, შესაძლოა, 10°C-მდე დაეცეს.

ასე რომ, თუ მოგზაურობას გეგმავთ, სასტუმრო რაც შეიძლება მალე უნდა დაჯავშნოთ, რადგან „საუკუნის დაბნელებასთან“ დაკავშირებით, ბევრი ობიექტი უკვე ფასებს ზრდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები