”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოუწოდებს ”ქართულ ოცნებას” განმარტოს, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მხარდასაჭერად მიღებულ ორ ისტორიულ რეზოლუციას. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
”რომ საქართველოს დელეგაციას არაფერი არ გაუკეთებია იმისათვის, რომ ამ რეზოლუციებში, რომლებიც რუსეთის ქმედებების შეფასების თვალსაზრისით უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯია – რაიმე ფორმით დაფიქსირებულიყო საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის და დევნილთა დაბრუნების თემატიკა. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, როცა მოხდა ასამბლეაზე რუსეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა, ჩვენი მეცადინეობის შედეგად რუსეთის მიმართ წარდგენილი მოთხოვნების ნუსხაში ჩაიწერა საქართველოსთან მიმართებაში რეზოლუციების შესრულების მოთხოვნა. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე რეზოლუცია ისტორიული მნიშვნელობისაა რადგან მათში რუსეთის ქმედებები პირდაპირაა აღწერილი როგორც „აგრესია“, ხოლო ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინა გამოცხადებულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად, სადაც ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებლად მთლიანად გამოცხადებულია ოკუპანტი სახელმწიფო”, – აცხადებენ “ნაციონალურ მოძრაობაში”.