სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობისგან“ მკაფიო პასუხი ვერ მოვისმინეთ, რაც მათ უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
“მოვისმინეთ გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენლების პასუხი ძალიან მარტივ და მნიშვნელოვან კითხვაზე, დაუჭერენ თუ არა მხარს დავით ბაქრაძეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ვერ მოვისმინეთ ვერანაირი მკაფიო პასუხი, რაც ადასტურებს მათ უპასუხისმგებლობას. ეს ნიშნავს, რომ მათი სიტყვის ნდობა არ შეიძლება, რადგან ჩვენ გვაქვს შეთანხმება „ევროპის სახალხო პარტიის“ ქოლგის ქვეშ და ნიშნავს იმას, რომ ეს ხალხი არანაირი ოპოზიციური ერთობისთვის არ იბრძოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვჯერა, რომ მათი ამომრჩევლები გამოიჩენენ მაღალ პასუხისმგებლობას და მეორე ტურში მხარს დაუჭერენ დავით ბაქრაძეს, რათა არ დავუშვათ ივანიშვილის რეჟიმის სამარცხვინო და ძალიან საზიანო კანდიდატის გამარჯვება არჩევნებზე“, – აღნიშნა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს „ევროპულმა საქართველომ“ კითხვით მიმართა „ნაციონალურ მოძრაობას“, მეორე ტურში დაუჭერდა თუ არა მხარს დავით ბაქრაძეს, რაზე საპასუხოდაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ მეორე ტურში არა დავით ბაქრაძე, არამედ მათი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი მიიღებენ მონაწილეობას.
