LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები გუმათიდან კომპანია “ენკას”-ს ერთ-ერთ ბაზისკენ მსვლელობით მიდიან

109
Untitled design (6)

სოფელ გუმათთან, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი შეხლა-შემოხლის შემდეგ, აქტივისტებმა ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის”ენკას” ერთ-ერთი ბაზისკენ აქცია-მსვლელობას მართავენ.

როგორც საპროტესტო მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, აქცია მშვიდობიანია, ისინი მივლენ ადგილზე და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ კომპანიის წარმომადგენლებს, რომ რიონის ხეობა დატოვონ.

დაპირისპირება ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მას შემდეგ დაიწყო, როცა სამართალდამცველებმა აქტივისტებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს, რათა სოფელ ნამოხვანში აქცია გაემართათ.

სამართალდამცველებს გზა რკინის ჯებირებით ჰქონდათ გადაკეტილი.

ვარლამ გოლეთიანმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, პროვოკაციებს არ აყოლოდნენ:

“ჩვენი მიზანია, რომ მოგვეცეს მშვიდობიანად პროტესტის გაგრძელებისა და იმ სივრცეში ყოფნის უფლება, რომელშიც ჩვენ ვიყავით მთელი თვეების განმავლობაში. მოვუწოდოთ ახლა პოლიციას, რომ გადადგეს გვერდზე და მოგვცეს საშუალება ჩვენ, რომ ფეხით გავიაროთ საკუთარ მიწაზე. ნუ გვიქმნიან ბლოკპოსტებს.” – თქვა მან.

მანამდე გოლეთიანმა ფეისბუქჩართვაში განაცხადა, რომ თუ გამოიყენებენ საპოლიციო ძალებს და დაარბევენ, აქციის მონაწილეები აქციას თბილისში გამართავენ:

“თუ ისინი ამ არაადამიანურ ნაბიჯებს გააგრძელებენ, ჩვენ მივმართავთ ჩვენს დაგეგმილ, მაგრამ არ ვაპირებდით მალევე განგვეხორციელებინა ეს გეგმა, რაც უკავშირდება თბილისში აქციის ჩატარებას. მოგვიწევს, რომ გადავინაცვლოთ და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იქნება გაცილებით მძიმე პროცესი ხელისუფლებისთვის და ჩვენთვის კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა. ამიტომ, თუ ეყოფათ გონიერება და გამჭრიახობა, ეს მათთვის იქნება კარგი. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ, ყოველგვარი გადაჭარბების და შეალამაზების გარეშე.” – თქვა მან.

ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ უწყება არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

შეგახსენებთ, გუშინ პოლიციამ სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები აიღო. როგორც უწყებაში განაცხადეს, გადაწყვეტილება მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატების გამო, უსაფრთხოების მიზნით მიიღეს.

 

magti 5g