სამწუხაროდ, გენერაცია გაზრდილ მოხმარებას ვერ ეწევა და ჩვენ ეს უნდა აღმოვფხვრათ. საბოლოო მიზანი არის, რომ საქართველო უნდა იყოს ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა, მათ შორის, ძირითადად, განახლებადი ელექტროენერგიის, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ჰესების მშენებლობისთვის ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით გეგმის შემუშავება რამდენიმე დღეში დასრულდება და საზოგადოებისთვის კონკრეტული პირობები ცნობილი გახდება.
“ჩვენ გარკვეული მონახაზები გავლილი გვაქვს ასევე, ევროკავშირის ენერგოგაერთიანებასთან. იცით, რომ ჩვენ ენერგოგაერთიანების წევრი ვართ და შესაბამისად, ძირითადი ენერგეტიკული რეფორმები იმ პოზიციებთან უნდა იყოს თანხვედრაში, რაც ევროპას გააჩნია და ჩვენ ჩვენი პოლიტიკის დაახლოებას ვახდენთ. შესაბამისად, მათი მხრიდან ჩვენი შიდა პროექტები უკვე გაზიარებულია. გარკვეული დღეები დაგვჭირდება იმისთვის, რომ საზოგადოებამ იხილოს, კონკრეტულად რა პირობებია ამ ახალ ინიციატივებში,“ – აღნიშნა დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტი უნდა აშენდეს. „ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, მაგრამ განხორციელდეს სწორად. მოხდეს მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. მე ვფიქრობ, რომ ამ პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე ბევრი მსჯელობა იყო. ამაზე ბევრი საუბარი არ არის საჭირო, საჭიროა ქმედებები ყველაზე მეტად,” – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.