საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც უკრაინაში იმყოფება, მორიგ მიმართვას ავრცელებს.
ოქრუაშვილი რუს სამხედროებთან შეტაკებებს აღწერს და ამბობს, რომ ორი დღე ნამდვილ ჯოჯოხეთში იყვნენ.
მისივე თქმით, ადამიანების მოკვლა არავის სიამოვნებს, მაგრამ როდესაც ბოროტება სიკეთეს ომს უცხადებს, ასეთ ბრძოლაში სხვა არჩევანი აღარ გრჩება:
“ნამდვილ ჯოჯოხეთში ვიყავით ორი დღე. მსგავსი ომი ფილმებშიც არაა ასახული. 50-კაციანი ჯგუფიდან დავკარგეთ სამი უკრაინელი პატრიოტი. სამარადისო ხსოვნა და დიდება მათ. მსუბუქად დაგვეჭრა ორი წევრი და ერთმა კანტუზია მიიღო.
საიქიოს გავისტუმრეთ 35-მდე რუსეთელი (რუსიც და არარუსიც). შეუძლებელია სიტყვებით გადმოსცე ის ბრძოლა, რომელიც 48 საათი გაუჩერებლად მიდიოდა და კიდევ გრძელდება. არავის არ სიამოვნებს ადამიანების ხოცვა, მაგრამ როდესაც ბოროტება ომს უცხადებს სიკეთეს, როდესაც რეგრესს სურს პროგრესის განადგურება და დიქტატორს სურს დემოკრატია მოკლას, სხვა არჩევანი აღარ გრჩება ასეთ ბრძოლაში.
რომ არა ერთი უკრაინელი მფრინავი და არტილერისტები, დანაკარგი უფრო მეტი გვექნებოდა. ასამდე მხოლოდ 152 მმ-იანი ჭურვი გვესროლეს 6 საათში, მაგრამ ვისაც არ ესმის ეს რას ნიშნავს, ადვილად ვერ მიხვდება.
დღის გმირი მაინც ნოდო სიმონიშვილი იყო, რომლის გამბედაობაზე მეტად სითავხედე და ნიჭი ყველამ ერთხმად აღიარა (14 გასროლით 15 ორკი დაადუმა სამუდამოდ). ყველა ამაყი ვიყავით, როდესაც ჩვენი “სითავხედით” გაკვირვებულები გვიყურებდნენ შვედები, პოლონელები, ჩეხები და მრავალი სხვა. ბოლოს უკრაინელებმა ძალით გამოგვიყვანეს, დასვენების დრო გაქვთ და ახლა ჩვენი ჯერიაო”, – აღნიშნავს ოქრუაშვილი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:
