“ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქციიდან მოძრაობა “სირცხვილიას” წევრი და სამოქალაქო აქტივისტი, სალომე ბარკერი ლგბტ – ფერადი სამკლავურის გამო გააძევეს.
ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფმა სალომე ბარკერთან ერთად, რამდენიმე მონაწილე, მათ შორის, ზუკა ბერძენიშვილი აიძულეს რესპუბლიკის მოედანი დაეტოვებინათ. სამოქალაქო აქტივისტებს გურამ ფალავანდიშვილის შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი ეკამათებოდა და “მტრებს” უწოდებდა.
“მოიხსენი ეს”, – მიმართავდნენ გაძევების მომხრეები აქციაზე მისულ აქტივისტს, სალომე ბარკერს.
სამოქალაქო აქტივისტმა, სალომე ბარკერმა, სხვა აქტივისტებთან ერთად, რესპუბლიკის მოედანი დატოვა და თქვა, რომ მისი წასვლის მიზეზი მხოლოდ იმითაა განპირობებული, რომ მას დაძაბულობა არ სურს.
“ჩემთვის საერთოდ არ არის სასიხარულო, რომ აქედან წასვლა მიწევს. საერთოდ არ მჩვევია გაქცევა. არ მინდა, კიდევ ყვირილი და ჩხუბი ატყდეს. რიონის ხეობა დაიცვან, რისთვისაც არიან აქ ჩამოსული და არა აქციიდან ხალხი გაყარონ”, – განაცხადა სალომე ბარკერმა.