LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა გეგეჭკორი: „ომიკრონთან დაკავშირებული ახალი რეალობის გათვალისწინებით, აუცილებლად უნდა გადაიხედოს ბავშვების და სრულიად ჯანმრთელი ახალგაზრდების  ვაქცინაციის სტრატეგია…“

366
c3bf68fd-6409-4139-8eac-2193fb02d42c-640

ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ომიკრონის შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს და წერს, რომ ის უსწრაფესი გავრცელებით გამოირჩევა, თუმცა მსუბუქი მიმდინარეობისაა და შესაბამისად, ფიქრობს, რომ ბავშვების აცრის სტრატეგია უნდა გადაიხედოს.

ნანა გეგეჭკორი:

„ომიკრონი უსწრაფესად ანაცვლებს კორონავირუსის ყველა წინამორბედ ვარიანტს.

დღეისათვის არსებული მონაცემებით, ომიკრონი გამოირჩევა უსწრაფესი გავრცელებით და შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით წინამორბედ ვარიანტებთან მიმართებაში.

მედიცინა მთლიანად აგებულია რისკისა და სარგებლის წონასწორობაზე.

ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია,  პრევენციის, მკურნალობის თუ დიაგნოსტიკის საშუალებები ასოცირებულია გარკვეულ რისკებთან. სწორედ ამიტომ, მათი გამოყენებისას ზედმიწევნით ფრთხილად ვეკიდებით ამ რისკების შეფარდებას სამედიცინო ჩარევით მიღებულ სარგებელთან.

კორონავირუსის ვარიანტების ცვლილებისას იცვლება ინფიცირების, დაავადების მძიმე ფორმის განვითარების და სიკვდილობის რისკები. ასევე იცვლება ვაქცინებით მიღებული სარგებელი ყოველი კონკრეტული ვარიანტის მათზე მგრძნობელობის მიხედვით.

დღეისათვის არსებული ყველა კვლევა ადასტურებს, რომ აქამდე ფართოდ გამოყენებული კოვიდ ვაქცინების ეფექტურობა ინფიცირებასთან მიმართებაში მკვეთრად დაეცა. ასევე საგრძნობლად დაქვეითდა ომიკრონით ინფიცირებისას მძიმე დაავადების განვითარების შანსი, თუმცა არა იმდენად, რომ რისკ ჯგუფებისთვის დაცვის აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

ვინაიდან აქტიურად ვარ ჩართული, შესაძლებლობის ფარგლებში, საზოგადოების ინფორმირებაში კოვიდ-19თან დაკავშირებული ნებისმიერ სიახლესთან მიმართებაში, პასუხისმგებლობით ვეკიდები ყველა სიტყვას, რასაც საჯაროდ თუ პირად საუბრებში გამოთქვამ, ამიტომაც მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე პირადი მოსაზრება ახალი რეალობის გათვალისწინებით.  ეს ჩემი პირადი მოსაზრება იქნება და ჭეშმარიტების პრეტენზია არ აქვს. ამ საკითხებზე ჩემზე ბევრად გონიერი  პროფესიონალები მუშაობენ მთელი მსოფლიოს მაშტაბით და დარწმუნებული ვარ, ახალი რეალობის გათვალისწინებით, ალბათ გადაიხედება კოვიდ-19-ის ვაქცინაციის სტრატეგიაც.

დეტალებით და ციფრებით რომ არ გადაგღალოთ…

ვაქცინაციასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით (ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ვგულისხმობ მიოკარდიტის რისკებს სხვადასხვა ასაკობრივ და სქესობრივ ჯგუფებში), ყველაზე დიდი სარგებელი კოვიდ-19 საწინააღმდეგო აცრას აქვს მოზრდილთა ასაკობრივ ჯგუფებში. განსაკუთრებით იმ კატეგორიაში, ვისაც თუნდაც ერთი თანდართული დაავადება, ან კოვიდ-19-ით გამოწვეულ სიკვდილიანობასთან ასოცირებული რომელიმე სხვა რისკ ფაქტორი აღენიშნება. უდავო და უპირობოა ამ კატეგორიაში ვაქცინაციის უალტერნატივობა.

ასევე უდავო და უპირობოა ვაქცინაციის უალტერნატივობა ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, კოვიდ-19-ით სიკვდილიანობასთან ასოცირებული მაღალი რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში. ეს ეხება საბავშვო ასაკსაც.

ჩემი აზრით, ომიკრონთან დაკავშირებული ახალი რეალობის გათვალისწინებით აუცილებლად უნდა გადაიხედოს ბავშვების და სრულიად ჯანმრთელი ახალგაზრდების  ვაქცინაციის სტრატეგია.

რისკის ფაქტორის არმქონე ბავშვების ვაქცინაციისას პრევენციით მიღებული სარგებელი შეიძლება, არც ისე მნიშვნელოვანი იყოს დაავადების ფორმების შემსუბუქების და დღეს არსებული ვაქცინების ომიკრონის მიმართ ეფექტურობის გათვალისწინებით. აქ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ მიოკარდიტების რისკი საბავშვო ასაკში ზოგად პოპულაციურთან შედარებით  არასასურველია, განსაკუთრებით ბიჭებში. ხაზგასმით გავიმეორებ, საუბარია მიოკარდიტების ერთეულ შემთხვევებზე მილიონობით აცრილში. კოვიდ ვაქცინებთან ასოცირებულ მიოკარდიტს ავთვისებიანი მიმდინარეობა არ ახასითებს, ძალიან ადვილად იმართება მარტივი მედიკამენტოზური ჩარევით, მაგრამ რისკის და სარგებლის აწონისას უდავოდ გასათვალისწინებელი  ფაქტორია.

უფრო დეტალურად რომ განვმარტო…  დღემდე გამოქვეყნებული ყველა კვლევა საიმედოდ გამოიყურება ბავშვებში კოვიდ ვაქცინების უსაფრთხოების პროფილის კუთხით, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეფექტურობა ომიკრონის შემთხვევებში წინა კვლევებში ნაჩვენებს არ უტოლდება, რისკის და სარგებლის თანაფარდობა ვფიქრობ, კონკრეტულად ბავშვების ასაკობრივ ჯგუფებში, გადასახედია.

დიდებს კი მეტი გონიერება გვმართებს, რათა დავიცვათ ჩვენი პატარები კოვიდით ინფიცირებისგან, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მათი დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი პრევენციის ზომების იდეალური დაცვაა. თუ დიდები ზედმიწევნით ზუსტად დავიცავთ წესებს, აღარ დაგვჭირდება პატარების მასიური ვაქცინაცია. დღესდღეობით ჩვენი უგუნურების გამო, გვიწევს, მაქსიმალურად მასობრივად მოვიცვათ ყველა ასაკი ვაქცინაციით. რისკ ჯგუფებისთვის და მაღალი ასაკის პოპულაციისთვის სარგებელი უდავოა, ბავშვებისთვის და სრულიად ჯანმრთელი ახალგაზრდებისთვის კი ჩემი აზრით სადაო.

ჩვენი, მოზრდილების,  პასუხისმგებლობაა ყოველი ბავშვის პრობლემა, ვისაც შეიძლება სარისკო გვერდითი ეფექტი გამოუვლინდეს.

დაბოლოს, რა გახდა მართლა პრევენციის უმარტივესი წესების დაცვა, რომ სასიკვდილოდ არ გაიმეტოთ ერთმანეთი?..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები