LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა ქოქიაშვილი „არ დაიდარდოს“ წამყვანობას და ტაქსის მძღოლობას ერთმანეთს უთავსებს

4546
nanka-qoqiashvili-news

28 წლის ნანკა ქოქიაშვილი პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა საკუთარი პირველადი პროფესიის მიღმა უამრავი რამ აქვს მოსინჯული სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ჟურნალისტიკის მონათესავე სფეროებიც არის.

ნანკა „არ დაიდარდოს“ წამყვანი ხუთი თვის წინ გახდა, ტაქსის მძღოლი კი – ორი თვის წინ. ორივე საქმეს ერთნაირი ხალისით აკეთებს და  ისიც არ უკვირს, მის მანქანაში აღმოჩენილ ადამიანებს საჭესთან ქალის დანახვა რომ ანცვიფრებთ…

ნანკა, რადიო „არ დაიდარდოში“ როგორ აღმოჩნდი?

პროფესიით ჟურნალისტი ვარ. ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტში ვისწავლე. ჟურნალისტობა მესამე კლასიდან მინდოდა. მასწავლებელმა სკოლაში დაგვავალა, დაწერეთ, რა პროფესიის არჩევა გინდათ მომავალშიო და იქაც ჟურნალისტობა დავწერე. ძალიან მიყვარდა ინგა გრიგოლია და ეს პროფესია ინგას სიყვარულით ავარჩიე. სამწუხაროდ, საინფორმაციო და პოლიტიკური მიმართულებით ვერ წავედი, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ რადიოში საინფორმაციო გამოშვება მიმყავდა რამდენიმე წელი. შეზღუდვებიდან გამომდინარე გადავწყვიტე, ეს აღარ გამეკეთებინა. საინფორმაციო გამოშვების წამყვანს გარკვეულ ჩარჩოებში ყოფნა უწევს და ვერ გავაკეთებდი იმას, რასაც ახლა ვაკეთებ, რეკლამის გახმოვანება იქნება ეს თუ საღამოების წაყვანა.

ზოგადად, რაც ცხოვრებაში გამომივიდა, დამოუკიდებლად გავაკეთე. არც ცნობილი დედა მყოლია, არც მამა. გენებში მაქვს სამსახიობო ნიჭი. ჩემი დიდი ბებია იყო ჭიათურის თეატრის მსახიობი, უამრავი როლი აქვს შესრულებული, ბაბუა კი მოცეკვავე გახლდათ. 12 წელი მე თვითონაც ვცეკვავდი, მაგრამ რადგან ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე, სამწუხაროდ, ცეკვას თავი დავანებე.

რადიო „არ დაიდარდოში“ მოსვლამდე ბევრი ეტაპი გავიარე. ძალიან დიდი შრომა დამჭირდა, რომ აქამდე მოვსულიყავი. შინაგანად ყოველთვის ვგრძნობდი, წინ რა მელოდა. მათ შორის ერთ-ერთ სამუშაო ადგილად „არ დაიდარდო“ წარმომედგინა. ისეთ ადგილებში მიმუშავია, რომ ცოტა რთული იქნებოდა აქ გადმოსვლა, თანაც, ეს რადიო მყარად ინარჩუნებს თანამშრომლებს, ამიტომაც არცთუ  ხშირად აქვთ ვაკანსიები.

სხვა რადიოში მუშაობა გარკვეული მიზეზით დავასრულე და ძალიან ცარიელი ვიყავი. ყველანაირად მგონია, რომ რადიო ჩემია, ძალიან დიდი კომფორტი მაქვს რადიოში. ყველას ვეხმარებოდი უსასყიდლოდ, თუკი ვინმე რამე პროექტს აკეთებდა, ან გადაცემა ჰქონდათ და სტუმრებთან იყო დასარეკი. ტელევიზიაში მოხვედრა ძალიან რთულია, სტაჟირებების დრო  არასდროს მქონია. თავიდანვე არ დავიწყე ტელევიზიაში მუშაობა, რადგან შემოსავალი მჭირდებოდა და სტაჟირებაში დროს ვერ დავკარგავდი. რადიოჰოლდინგ „ფორტუნაში“ მუშაობს ნონიკა ვაშაყმაძე. მას გავუზიარე, რომ რადიოში აღარ ვმუშაობდი. ვერ წარმოვედგინე დიმპიტაურის გარეშე და „არ დიადარდოს“ მენეჯერთან, გიორგი მშვენიერაძესთან გამიწია რეკომენდაცია. დამიბარეს გასაუბრებაზე. ზუსტად ასე უთხარი გასაუბრებაზე, შინაგანად ვარ რაკატა-დუკატა-მეთქი (იცინის).

ანუ ეს ჟანრი გიყვარს?

ქართულ სიმღერას ხშირად ვუსმენ. თავადაც ვერთობი, თან, ქართულია. სამეგობროშიც ბევრი მომღერალი მყავს. მგონია, რომ მათი სიმღერების მოსმენით მხარს ვუჭერ. ნახევარზე მეტი ზეპირად ვიცი. მანქანაში ფლეშკაზე მაქვს ჩაწერილი და ვუსმენ სიამოვნებით.

მოკლედ, გასაუბრების შემდეგ, გიორგიმ დამირეკა და მითხრა, შეგიძლია ჩვენთან მოხვიდეო. ვერ წარმოიდგენთ, რა დამემართა ამ დროს. ჩემთვის ძალიან წარმოუდგენელი იყო. გამიხარდა… რადიოში აპრილში მოვედი. მგონია, რომ ამ დროიდან ახალი ფურცელი გადაიშალა ჩემს ცხოვრებაში. მეორე დღეს სულ სხვანაირმა გავიღვიძე. გასაუბრებაზე ესეც ვუთხარი გიორგის, იმდენად მინდა აქ მუშაობის დაწყება, რომ „ბი-ბი-სი“-დან რომ დამირეკონ, უარს ვეტყვი-მეთქი (იცინის).

შემოსავალი ახსენე. შენს სხვა პროფესიაზეც ვისაუბროთ. ტაქსის მძღოლი გახდი.

ივლისიდან ვარ ტაქსის მძღოლი. ერთ-ერთი აპლიკაციით ვსარგებლობ. ეს გოგონებისთვის უჩვეულო სამსახურია. ზოგადად, ძალიან ფუსფუსა ვარ. ყველაფერს ვედები, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. ერთმა მგზავრმა მითხრა, სხვათა შორის, კარგია გოგო ტაქსისტი, გოგონები მღებავებადაც მუშაობენო. მე კი ვიცინოდი, ერთადერთი ეგ არ გამიკეთებია-მეთქი, ოპერატორად, მემონტაჟედ კი მიმუშავია, ბევრი რამ მიკეთებია.

მანქანა ჩემი მეგობრისგან შევიძინე. ფინანსურად ამის საშუალება არ მქონდა, მაგრამ მეგობარმა მანქანის გაყიდვა გადაწყვიტა და იცოდა, რომ მე ძალიან მომწონდა. შემომთავაზა, რომ გარკვეული თანხა მისთვის წინასწარ უნდა მიმეცა და შემდეგ ყოველთვიურად გადამეხადა ხელფასივით. ბევრი ვიფიქრე, როგორ უნდა ამენაზღაურებინა მისთვის ეს თანხა და გადავწყვიტე, რომ ტაქსის მძღოლობა დამეწყო.

მივედი ერთ-ერთი ტაქსის კომპანიაში, აპლიკაციის გადმოწერა არცთუ ადვილი აღმოჩნდა, მაგრამ მამაკაცი მძღოლები ძალიან დამეხმარნენ. ისიც მირჩიეს, დღის რომელ მონაკვეთში ჯობს ყველაზე მეტად ტაქსით გამოსვლა, მეტი შემოსავლის მისაღებად. გაოცებულები კი მიყურებდნენ თავიდან…

დღე გამოდიხარ ტაქსით?

როცა რადიოში დილას ვარ, მაშინ საღამოს. თავიდან ერთი-ორი საათი ვრთავდი აპლიკაციას, რომ მგზავრებს შევჩვეოდი, შემდეგ გავზარდე. ივლისიდან დავიწყე ტაქსის მძღოლობა.

მგზავრები ყოველთვის არიან გაოცებულები, როცა მე მხედავენ. დიდხანს ათვალიერებენ მანქანას, მერე ვუსიგნალებ და ხვდებიან, რომ ტაქსია.

შემაწუხებელი მგზავრი მხოლოდ ერთი შემხვდა ჯერჯერობით, სამი ბიჭი ჩამიჯდა, ერთი იგინებოდა და შემდეგ მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, დროზე ადრე ჩასულიყვნენ, თანხა კი სრულად გადამიხადეს. ასე ვთქვათ, ის მთვრალი ბიჭი გამარიდეს. სხვათა შორის, ერთ-ერთი ბიჭი აშშ-დან იყო ჩამოსული და მითხრა, რომ ძალიან გაუხარდა, გოგო ტაქსის მძღოლი რომ ნახა, ამერიკაში ეს პრობლემა არ არისო.

შეყვარებული გყავს, რას ფიქრობს ამ ამბავზე?

არ მყავს. ძალიან ხშირად მეკითხებიან ხოლმე, ამხელა გოგო მარტო რატომ დადიხარო. ქართველი ბიჭები ძალიან კარგები არიან და დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ვერ გამოჩნდა ისეთი ადამიანი, რომელიც ჩემს ასეთ ცხოვრებას აიტანდა. რთულია, ასეთი მოუსვენარი გოგო გყავდეს გვერდით. მგონია, რომ ვერავინ აიტანს ტაქსის მძღოლ გოგოს გვერდზე. თითქოს არც ვუშვებ, რომ გვერდით ვინმე მყავდეს. თუ ვინმე ძალიან ეცდება, მერე არ ვიცი, როგორ იქნება, მაგრამ აქამდე არავინ ყოფილა ისეთი, რომელიც ჩემი კედელი და ზურგი იქნებოდა. დიდად არ მაქვს დაოჯახების სურვილი. ამ ეტაპზე ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება. როცა დრო დადგება, ალბათ, ჩემი მეორე ნახევარიც გამოჩნდება.

რა იქნება შენი შემდეგი „გაჩერება“?

მაქვს პატარ-პატარა გეგმები, ჯერ არ ვისაუბრებ, მაგრამ პირველს თქვენ გაგაგებინებ. საინტერესო გეგმებია, ისეთია, რაზეც გარშემო მყოფები სულ მეუბნებიან, გააკეთეო და ვნახოთ (იღიმის).

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g