LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატალია ნაყოფია: „ეს სიმღერა ძალიან ახლოს არის ჩემთან, რადგან ჩემს პირად პრობლემას აღწერს და ძალიან პირად თემებს ეხება…“

372
ნაყოფია

რადიო „ფორტუნა პლუსის“ ეთერში ნატალია ნაყოფიას სიმღერის „ინსომნია“ პრემიერა შედგა. ნატალიამ სიმღერის ჩაწერისა და კლიპის გადაღების პროცესზე ისაუბრა. მომღერალმა თავისი მუსიკალური ალბომი და ახალი ნამუშევრებიც დააანონსა.

ნატალია, როგორ შეიქმნა სიმღერა „ინსომნია“ და რაზეა ეს ნამუშევარი?

ეს სიმღერა იმ პატარა დემონებზეა, რომლებიც ყველა ჩვენგანს გვაწუხებს. არის ინსომნიაზე, დეპრესიაზე, ჩემს შინაგან სამყაროზე და იმ გამოწვევებზე, რომლებიც ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყველას ჰქონია. სიმღერა სენსიტიურ თემებზეა, მაგრამ უიმედო არ არის. სიმღერის მუსიკალური პროდიუსერი ბორიკო შხიანია, მასტერინგის ინჟინერი ალეკო ბერძენიშვილი გახლავთ. სიმღერის მუსიკაც და ტექსტიც მე მეკუთვნის. ლიზი რამიშვილს ეკუთვნის ჩელოს პარტია და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ნიჭიერი გოგოა და ძალიან საინტერესო იყო მასთან მუშაობა. ძალიან თბილად და კარგად ჟღერს ჩელოს ხმა ამ სიმღერაში.

ნატალია ნაყოფიას ახალი სიმღერა: „მდგომარეობას იძახიან უშველის მოწევა და გაუჩერებელი სექსი…“

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სიმღერა თავიდან ბოლომდე შენს ემოციებსა და გრძნობებს გამოხატავს?

კი, ნამდვილად ასეა. გადავწყვიტე, ამ თემაზე ღიად მესაუბრა, რადგან მგონია, რომ ამ საკითხზე საუბარი მნიშვნელოვანია. ეს სიმღერა ძალიან ახლოს არის ჩემთან, რადგან ჩემს პირად პრობლემას აღწერს და ძალიან პირად თემებს ეხება. მგონია, რომ სხვა ადამიანიც დაინახავს თავის თავს ამ ნამუშევარში, იგრძნობს, რომ მარტო არ არის და იმედი მიეცემა. ახლო მომავალში კიდევ ვაპირებ სხვა ქართული სიმღერების გამოშვებას და პარალელურად ვმუშაობ ალბომზეც, რომელშიც ინგლისურენოვანი სიმღერები შევა.

რამდენად გამოხატავს შენს შინაგან სამყაროს ის სიმღერები, რომლებიც ახლო მომავალში გამოვა?

ყველა ჩემი სიმღერა რაღაც ამბავს ჰყვება, რაღაც ისტორიას ან ემოციას უკავშირდება. მუსიკას ვწერ იმაზე, რასაც ვხედავ, ვგრძნობ, რაც ჩემს გარშემო ან ჩემს შიგნით ხდება.

ვინ იმუშავა კლიპზე?

როგორც წინა ვიდეორგოლზე, ამ კლიპზეც „Collaba Production“-მა იმუშავა. წინა გამოცდილება იმდენად კარგი იყო, რომ ამჯერადაც ეგრევე მათ მივმართე, არც კი დავფიქრებულვარ. მთავარი რეჟისორი ისევ და ისევ იუგო მორისია. აუცილებლად უნდა ვახსენო უნიჭიერესი მხატვარი, ნინა ჩხეიძეც. კლიპში არსებული გმირის კოსტიუმზე უტა ბექაიამ იმუშავა. ამ გმირმა მართლა ყველაფერი შეცვალა,  შემოიტანა პოზიტივი და გადაღების პროცესი ძალიან სასიამოვნო გახადა. ძალიან საყვარელი გმირია, პატარა მონსტრიკს ვეძახდით, ყველას ჩახუტება უნდოდა.

სამომავლო გეგმები როგორია, დუეტების ჩაწერას თუ გეგმავ?

გეგმაში არაფერი მაქვს, მაგრამ ამის ძალიან დიდი სურვილი მაქვს. ბევრი უნიჭიერესი მუსიკოსია, ვისთანაც ვიმუშავებდი, ბევრ არტისტთან მაქვს კოლაბორაციის სურვილი. დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი სოფო ბათილაშვილთან და ქეთი ორჯონიკიძესთან.

 

Natalia Nayofia – Insomnia

 

Natalia Nakopia – Insomnia (Official Video)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები