ჟურნალი „გზა“ ახალ ნომერში მსახიობსა და ტელეწამყვან ნათია ბუნტურთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც, როგორც თავად ჰყვება, სპეცრაზმელის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა:
„ძალიან აღელვებული ვარ და დამამშვიდებელი დავლიე. სხვა მხრივ, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არა მიშავს. როცა სპეცრაზმელმა თავში ჩამარტყა, ცხვირიდან სისხლი წამომივიდა. ცხვირი არ გამიტყდა – კარგია, მაგრამ მეორე-მესამე დღეს ძალიან გამისივდა და დამილურჯდა. აქციაზე ვერ შემატყვეს, მხოლოდ სისხლი მომდიოდა, მაგრამ სხვა განსაკუთრებული არაფერი მჭირს – არა უშავს… ტიპმა გვერდიდან ხელი ორჯერ მაინც ჩამარტყა. იმედი მქონდა, რომ არ მცემდნენ…“
ცნობისათვის, საქართველოში ახალი საპროტესტო ტალღა 28 ნოემბრის საღამოს, მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში, მომენტალურად დაანონსებული აქციის შემდეგ, მოქალაქეები ჯერ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პარლამენტის შენობასთან და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. რამდენიმესაათიანი აქციის შემდეგ, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა, მოგვიანებით კი ისინი სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა.
28 ნოემბრიდან დღემდე, უკვე მე-8 დღეა, რაც დედაქალაქში აქციები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. თბილისთან ერთად, საპროტესტო გამოსვლები ეწყობოდა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში.