LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია მეზვრიშვილი: მეშვიდე ბრიფინგია, რომელსაც დანაშაულის შესახებ ვატარებ – გამოიძიეთ, ჩვენი წევრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სისტემური ხასიათი

54
ნათია მეზვრიშვილი

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგი გამართა და პროკურატურას პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ გამოძიების წერილობითი თხოვნით მიმართა.

როგორც მანვე განაცხადა, პარტიამ პროკურატურის მიმართვას ზეწოლის 100-ზე მეტი დოკუმენტირებული ფაქტი დაურთო.

„კიდევ ერთხელ და ახლა უკვე წერილობით მივმართავ საქართველოს პროკურატურას, ჩვენი წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებულ სისტემურ დევნაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით! ჩვენი პარტიის მხრიდან, წერილობითი განცხადება 100-ზე მეტი ფაქტით, საგამოძიებო უწყებას დღესვე წარედგინება.

მოვითხოვთ, პირველ რიგში, პროკურატურამ გამოიძიოს პარტიის წევრების და მხარდამჭერების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სისტემური ხასიათი, გამოიძიოს „ოცნების“ მხრიდან ძალოვანი უწყებების გამოყენებით შიშის დანერგვის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენი პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების დევნა, მუქარა,  ზეწოლა ადამიანებზე, ზეწოლა ბიზნესზე,“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, „ოცნების“ პარტიული გავლენის ქვეშ მყოფი ძალოვანი უწყებები ცდილობენ გამოიყენონ შიშის ქვეშ მყოფი დაზარალებულების დუმილი და საზოგადოება მოატყუონ თითქოს, დანაშაული არ მომხდარა.

„ამ ხაზს ავითარებენ ფორმალურად, 2 და 3 ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რაც ჩვენთვის ცნობილი გუშინ გახდა. მეშვიდე ბრიფინგია, რომელსაც დანაშაულის შესახებ ვატარებ,“- აღნიშნა მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, „ოცნებამ“ 4 თვის განმავლობაში სისტემურ დანაშაულზე რეაგირება არ მოახდინა, რითაც, პრაქტიკულად, დანაშაული წაახალისა. პარალელურ რეჟიმში კი, როგორც ეს პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ თქვა, მთელი სახელმწიფო მანქანის გამოყენებით, გააძლიერა წნეხი, გაამრავალფეროვნა პოლიტიკური ნიშნით დევნის მეთოდები.

„და ახლა, როდესაც დევნამ პიკს მიაღწია – არჩევნების წინა დღეებში გადაწყვიტა ფორმალურად ვალის მოხდა, სისტემის მიერ დაშინებული ადამიანების დუმილის ერთადერთ მტკიცებულებად გამოყენება და უბრალოდ მოტყუება,“ – თქვა ნათია მეზვრიშვილმა.

გიორგი გახარიას თანაგუნდელის თქმით, სამართალდამცავების ძალისხმევა, სამწუხაროდ, არ არის მიმართული სიმართლის დადგენისკენ და ეს მაშინ, როდესაც დევნა გრძელდება. მეზვრიშვილმა ბრიფინგზე შესაბამისი მაგალითებიც გაიხსენა.

„მაგალითად, ხაშურის მერობის კანდიდატის ზვიად ტეფნაძის მიმართ და უშუალოდ მისი ოჯახის წევრების მიმართ ზეწოლა განხორციელდა, დაემუქრნენ, მათ შორის ბიზნესზე ზეწოლით და დღეს უკვე შემოსავლების სამსახური შევიდა მის კომპანიებში და მუქარა სისრულეში მოიყვანეს.’’- განაცხადა ბრიფინგზე პარტია ,,საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

მისი თქმით, პარტია მათი მხარდამჭერების დევნასა და ზეწოლას, ბოლომდე მიყვება და სიმართლეს დაადგენს.

,,მინდა გითხრათ, რომ ჩვენს გუნდს ასე ვერ მოატყუებთ – საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უფლებას ნამდვილად არ მოგცემთ. ამ კატეგორიის დანაშაულის გამოძიება, ყველამ კარგად ვიცით, რომ ასე არ ხდება, ჩვენი მხარდამჭერების მიმართ დევნას, ბუნებრივია, ჩავყვებით ბოლომდე და სიმართლეს აუცილებლად დავადგენთ.

ამიტომ,  პროკურატურას მივმართავ: გამოიძიეთ თითოეული ფაქტი და გამოიძიეთ, რა დგას შიშით მდუმარე ზოგიერთი დაზარალებულის დუმილის უკან. გამოიძიეთ, პირველ რიგში ეს. გამოძიება ასეთ მძიმე ბრალდებაზე, ჩემზე უკეთესად იცით, რომ არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ გამოკითხვით.

ამიტომ, ჩაატარეთ გამოკითხვის მიღმა ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედება, რაც საქმეზე სიმართლის დადგენისთვის არის აუცილებელი. გამოიძიეთ სრულყოფილად, დროულად, ობიექტურად ვინაიდან, „ოცნებას“ მივმართავ – თქვენს მიერ გამოყენებული მეთოდები არ იძლევა სამართლიან და მშვიდ გარემოში წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობას.

ჩვენი პარტიისთვის ეს შესაძლებლობა დღეს რეალურად არ არსებობს, რაც არ უნდა იძახდეს თქვენი პარტიის თავმჯდომარე, რომ თითქოს, წინასაარჩევნო გარემო არის მშვიდი და სამართლიანი,“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g