LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნათიას და სანდროს 2 შვილი დარჩათ – ანიტა და დამიანე… ვუსამძიმრებთ გვანცასა და ნიკუშას ოჯახებს, მათ წინ მთელი ცხოვრება ჰქონდათ, 5 სექტემბერს ქორწილს გეგმავდნენ“ – Signify-ს გუნდი სოფელ დიდგორთან მომხდარ ტრაგიკულ ავარიაზე

832
ალექსანდრე ჩხეიძე, ნათია ჯანაძე, გვანცა არევაძე, ნიკა ქუთათელაძე

მთელი საქართველო გლოვობს სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ 5 ადამიანს.

სოციალურ ქსელში არაერთი სამძიმრის წერილი გავრცელდა. ახალგაზრდების ტრაგიკულად გარდაცვალებას ეხმაურება Signify-ს გუნდი.

„ჩემო კეთილო და საიმედო ბიჭო… არანაირი სამართალი არ არსებობს სამყაროში თქვენ რომ აღარ ხართ…“: სოფელ დიდგორთან მომხდარი ავარიის დროს დაღუპული კიდევ ერთი წყვილი, გვანცა არევაძე და ნიკუშა ქუთათელაძე არიან

სწორედ ამ კომპანიაში მუშაობდნენ ნიკუშა ქუთათელაძე, გვანცა არევაძე და სანდრო ჩხეიძე.

Signify-ს გუნდი წერს, რომ ნათიას და სანდროს 2 შვილი დარჩათ – ანიტა და დამიანე. გვანცა და ნიკუშა კი 5 სექტემბერს ქორწილს გეგმავდნენ და საერთო მომავალს აშენებდნენ.

კომპანია სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ ტრაგედიას სასწაულებრივად გადაურჩა მათი კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელიც ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს:

„დღეს უკვე მეორე დღეა, რაც Signify-ს გუნდისთვის წარმოუდგენლად მძიმეა.
ავტოსაგზაო შემთხვევამ ჩვენი სამი უახლოესი ადამიანი იმსხვერპლა – ნიკუშა ქუთათელაძე, გვანცა არევაძე და სანდრო ჩხეიძე.
სანდროსთან ერთად დავკარგეთ მისი მეუღლეც, ნათია. სანდროს ბევრი იცნობდით, იმდენი ადამიანის ცხოვრება შეცვალა, იმდენი უმადლის, როგორ უნდა გავძლოთ უმისოდ.
ნათიას და სანდროს 2 შვილი დარჩათ, ანიტა და დამიანე – მთელი გუნდი გვერდში გედგებით, მაგრამ ვაი, როგორ შეგიმსუბუქოთ ეს საშინელი ტკივილი.
ამ ტრაგედიას სასწაულებრივად გადაურჩა ჩვენი თანამშრომელი ირაკლი თავაძე, რომელიც ამჟამად სამედიცინო დახმარებას იღებს. წარმოდგენაც არ მინდა, რა ხვედრი ელის მის დასა და ძმას, როდესაც ამ ამბავს შეატყობინებენ – გამაგრდით.
სიტყვები არ გვყოფნის იმ ტკივილის აღსაწერად, რომელსაც ახლა მათი ოჯახები, მეგობრები და ჩვენი გუნდი განიცდის.
ვუსამძიმრებთ სანდროს ოჯახს, მის მეუღლეს, ნათიას ოჯახს და მათ შვილებს.
ვუსამძიმრებთ გვანცასა და ნიკუშას ოჯახებს. მათ წინ მთელი ცხოვრება ჰქონდათ. 5 სექტემბერს ქორწილს გეგმავდნენ და საერთო მომავალს აშენებდნენ. ეს ტრაგედია განსაკუთრებით მტკივნეულია ყველასთვის, ვინც მათ იცნობდა.
ვუსამძიმრებთ მარიამ ქადაგიძის ოჯახს და ირაკლი თავაძეს. ირაკლი სულ მარიამზე ლაპარაკობდა, სულ თვალები უციმციმებდა მარიამის ხსენებაზე – ირაკლი გამაგრდი.
გუშინ ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეწყდა. ხუთი ახალგაზრდა ადამიანის, რომლებსაც უამრავი გეგმა, ოცნება და წინ გასავლელი გზა ჰქონდათ, ცხოვრება ეჩქარებოდათ.
მთელი Signify გლოვობს მათ დაკარგვას.
გვიყვარხართ და ყოველთვის გვეყვარებით, როგორ უნდა გავძლოთ უთქვენოდ…“, – წერს სოციალურ ქსელში „Signify – ელექტრონული ხელმოწერა“.

„გაცილების სუფრა უნდა გაეშალათ, ერთმანეთის მეგობრები არიან…“ – სოფელ დიდგორთან ავარიის დროს დაღუპულთა შორის არიან ცოლ-ქმარი ალექანდრე ჩხეიძე და ნათია ჯანაძე, ასევე გვანცა არევაძე