„მოხარულები ვართ, საქართველოსთან ტურისტული მიმართულებით თანამშრომლობით. უკვე ბევრი წელია, National Geographic აქვეყნებს საქართველოსა და თბილისის შესახებ სტატიებს. თუმცა ჩვენს მკითხველს კიდევ უფრო მეტის გაგება უნდა თქვენი ქვეყნის ტურისტული მიმართულებების შესახებ და ასეთი ტიპის თანამშრომლობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი მოვუთხროთ ჩვენს აუდიტორიას თქვენს შესახებ“, – ამის შესახებ National Geographic- ის ვიცე-პრეზიდენტმა ანაბელ კანველმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო პორტალ National Geographic-ზე საქართველოს მიერ მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის დაწყების საკითხი და მოსალოდნელი შედეგები.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ინტერნეტ კამპანია 14 მაისიდან 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება. კამპანიის ჯამური ღირებულება 250 000 ევროს შეადგენს. მარკეტინგული კამპანიის მიზანია, საქართველოს ზაფხულისა და შემოდგომის ტურისტული სეზონის პოპულარიზაცია და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.
National Geographic- ის ვიცე-პრეზიდენტის ანაბელ კანველის განცხადებით, მარკეტინგული კამპანია, რომელსაც საერთაშორისო პორტალი National Geographic- ი განახორციელებს, საქართველოს საშუალებას მისცემს, უფრო მეტი საერთაშორისო ტურისტი მიიზიდოს. „ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობის შემდეგ, საქართველოს სანახავად კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა,“ – განაცხადა ანაბელ კანველმა.
ინტერნეტ კამპანია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს მოიცავს და სავარაუდო შთაბეჭდილებების რაოდენობა (Impressions) 4,541,183 იქნება. კამპანიის ფარგლებში National Geographic-ის მთავარ ვებ-გვერდზე 5 პოსტი განთავსდება. საქართველოს შესახებ მომზადდება 5 ბლოგი, ფოტო და ვიდეო მასალით, რომელიც სპეციალური გზამკვლევის Georgia Travel Guide საშუალებით გავრცელდება.