LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო და გაერო რუსეთსა და უკრაინას ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს

oanalungesku

დღეს, გაერო-ს უშიშროების საბჭო აზოვის ზღვაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას გამართავს. გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა ნიუ-იორკის დროით 11:00 საათზეა დანიშნული.

ოფიციალურმა კიევმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება მას შემდეგ მოითხოვა, რაც რუსეთის სასაზღვრო გემმა ცეცხლი გაუხსნა უკრაინის საზღვაო ძალების გემებს. პროცესებში ჩართულია ნატო-ც – ნატო რუსეთსა და უკრაინას ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოანა ლუნგესკუმ გააკეთა.

„ნატო ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში და კავშირში ვართ უკრაინის ხელისუფლებასთან. ვითარების დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ მხარეებს. ნატო სრულად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის სანაოსნო უფლებებს მის ტერიტორიულ წყლებში. რუსეთს მოვუწოდებთ, უზრუნველყოს შეუფერხებელი წვდომა უკრაინულ პორტებზე აზოვის ზღვაში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ნატო-ბრიუსელის სამიტზე ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის, შავი ზღვისა და აზოვის ზღვის მილიტარიზაცია საფრთხეს წარმოადგენს უკრაინის დამოუკიდებლობისთვის და ძირს უთხრის სტაბილურობას რეგიონში,“ – განაცხადა ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების გემებს, ქერჩის სრუტის დატოვებისას რუსეთის სასაზღვრო ძალების გემმა ცეცხლი გაუხსნეს. არსებული ინფორმაციით, ორი მცირე ზომის საარტილერიო გემი „ბერდიანსკი” და „ნიკოპოლი” ოდესის პორტიდან მარიუპოლში გეგმურ გადასვლას ახორციელებდა. გარდა ამისა, ძალადობრივად იყო შეჩერებული ბუქსირი „იანი კაპუ”. უკრაინული მხარე ასევე იუწყება, რომ აღნიშნული გემები რუსული მხარის მიერ არის დაკავებული. სროლის შედეგად, დაჭრილია 6 უკრაინელი მეზღვაური.

ოფიციალური კიევის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებები პირველად 25 ნოემბრის დილას განხორციელდა, როცა სამი უკრაინული გემი ოდესიდან მარიუპოლისკენ მიემართებოდა. თავდაცვის უწყების ცნობით, რუსული გემი უკრაინულს განგებ შეეჯახა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, გემების გადაადგილება წინასწარ იყო დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები