ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მადრიდის სამიტის შემდეგ ერთობლივ დეკლარაციას აქვეყნებს. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ნატო არის თავდაცვითი ალიანსი და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს რომელიმე ქვეყნისთვის, ნატო იცავს საერთაშორისო სამართალს, გაეროს ქარტიის მიზნებს და მზად არის, დაიცვას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი.
ამასთან, ალიანსის წევრები უმკაცრესად გმობენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ რუსეთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხე მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის და ევროატლანტიკურ სივრცეში სტაბილურობისთვის, ასევე ნატო პირდაპირ საფრთხედ განიხილავს ტერორიზმს, კიბერ და ჰიბრიდულ საფრთხეებს. დეკლარაციაში ნახსენებია საქართველოც.
კერძოდ, დეკლარაციაში ნათქვამია:
1. ჩვენ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახელმწიფო და მთავრობის მეთაურები შევიკრიბეთ მადრიდში, როდესაც ომი დაბრუნდა ევროპულ კონტინენტზე. ჩვენ ჩვენი უსაფრთხოებისა და საერთაშორისო მშვიდობის, სტაბილურობისთვის კრიტიკული პერიოდის წინაშე ვიმყოფებით.
ჩვენ ვდგავართ ერთად, ერთიანად და სოლიდარობით და ვადასტურებთ ჩვენს ქვეყნებს შორის მტკიცე ტრანსატლანტიკურ კავშირს. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს რომელიმე ქვეყნისთვის. ნატო რჩება ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების საფუძვლად და მოკავშირეებს შორის უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციებისა და გადაწყვეტილებებისთვის მნიშვნელოვან ფორუმად.
ჩვენი ერთგულება ვაშინგტონის ხელშეკრულების მიმართ, მათ შორის მეხუთე მუხლის მიმართ, რკინასავით მტკიცეა. ამ რადიკალურად შეცვლილ უსაფრთხოების გარემოში, ეს სამიტი ჩვენი ალიანსის გაძლიერების და მისი ადაპტირების დაჩქარების ეტაპს აღნიშნავს.
2. ჩვენ ვართ გაერთიანებულები დემოკრატიის, პერსონალური თავისუფლების, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მიმართ ერთგულებაში. ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სამართალს და გაეროს ქარტიის მიზნებსა და პრინციპებს. ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ წესებზე დაფუძებული საერთაშორისო წესრიგი.
3. ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის აგრესიის ომს უკრაინის წინააღმდეგ. ის სერიოზულად უთხრის ძირს საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. რუსეთის შემზარავმა სისასტიკემ გამოიწვია უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა და მასობრივი გადაადგილებები, რამაც არაპროპორციულად დააზარალა ქალები და ბავშვები.
ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ამ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე. რუსეთმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო, შეუფერხებელი და მდგრადი ჰუმანიტარული წვდომა. მოკავშირეები მუშაობენ საერთაშორისო თანამეგობრობის შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, რათა პასუხი აგებინონ ომის დანაშაულებზე, მათ შორის კონფლიქტთან დაკავშირებულ სექსუალურ ძალადობაზე პასუხისმგებელ ყველა პირს.
რუსეთმა ასევე მიზანმიმართულად გაამწვავა სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი, რამაც გავლენა მოახდინა მილიარდობით ადამიანზე მთელ მსოფლიოში, მათ შორის თავისი სამხედრო მოქმედებებით. მოკავშირეები მჭიდროდ მუშაობენ, რათა მხარი დაუჭირონ საერთაშორისო ძალისხმევას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის უზრუნველსაყოფად და გლობალური სასურსათო კრიზისის შესამსუბუქებლად.
ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის სიცრუისთვის წინააღმდეგობის გაწევას და მისი უპასუხისმგებლო რიტორიკის უარყოფას. რუსეთმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს ეს ომი და გაიყვანოს ძალები უკრაინიდან. ბელარუსმა უნდა დაასრულოს თანამონაწილეობა ამ ომში.
4. ჩვენ გულთბილად მივესალმებით ამ სამიტში პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობას. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის მთავრობას და ხალხს ქვეყნის გმირულად დაცვაში. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელიც ვრცელდება მის ტერიტორიულ წყლებზე.
ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის განუყოფელ უფლებას, დაიცვას თავი და თავად აირჩიოს და უსაფრთხოების მექნიზმები. ჩვენ მივესალმებით ყველა მოკავშირის ძალისხმევას, რომლებიც ჩართული არიან უკრაინის მხარდაჭერაში. ჩვენ მათ ადეკვატურად დავეხმარებით, მათი განსაკუთრებული მდგომარეობის გათვალისწინებით.
5. ჩვენ კვლავ ვდგავართ ყველა სტრატეგიული მიმართულებიდან განსხვავებული საფრთხეების წინაშე. რუსეთის ფედერაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხე მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის და ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.
ტერორიზმი, ყველა მისი ფორმითა და გამოვლინებით, კვლავაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას და საერთაშორისო სტაბილურობასა და კეთილდღეობას. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ და უმკაცრესად ვგმობთ ტერორიზმს. მონდომებით, სიმტკიცით და სოლიდარობით, მოკავშირეები გააგრძელებენ რუსეთის საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და მის მტრულ ქმედებებზე რეაგირებას და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
6. ჩვენ ვდგავართ კიბერ, კოსმოსური, ჰიბრიდული და სხვა ასიმეტრიული საფრთხეების, ასევე უახლოესი და მოწინავე ტექნოლოგიების მავნებლური გამოყენების წინაშე. ჩვენ ვაწყდებით სისტემურ კონკურენციას მათგან, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან, ვინც ეწინააღმდეგებიან ჩვენს ინტერესებს, უსაფრთხოებას და ღირებულებას და ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. არასტაბილურობა ჩვენს საზღვრებს მიღმა ასევე ხელს უწყობს არალეგალურ მიგრაციას და ადამიანებით ვაჭრობას.
ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილებები:
7. ჩვენ მივიღეთ ახალი სტრატეგიული კონცეფცია. იგი აღწერს უსაფრთხოების გარემოს, რომლის წინაშეც ალიანსი დგას, ადასტურებს ჩვენს ღირებულებებს და ხაზს უსვამს ნატოს მთავარ მიზანს და უდიდეს პასუხისმგებლობას, რაც არის ჩვენი კოლექტიური თავდაცვის უზრუნველყოფა 360-გრადუსიანი მიდგომის საფუძველზე.
ის მოიცავს ნატოს სამ ძირითად ამოცანას – შეკავება და თავდაცვა; კრიზისის პრევენცია და მართვა; და ერთობლივი უსაფრთხოება. მომავალ წლებში ის წარმართავს ჩვენს მუშაობას ჩვენი ტრანსატლანტიკური სოლიდარობის სულისკვეთებით.
8. ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ჩვენი ახლო პარტნიორის უკრაინის მიმართ, რომელიც აგრძელებს რუსული აგრესიისგან თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. უკრაინასთან ერთად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მხარდაჭერის გაძლიერებული პაკეტის შესახებ.
ეს დააჩქარებს არალეტალური თავდაცვითი აღჭურვილობის მიწოდებას, გააუმჯობესებს უკრაინის კიბერთავდაცვას და მდგრადობას და ხელს შეუწყობს თავდაცვის სექტორის მოდერნიზებას გარდამავალ პერიოდში გრძელვადიანი ურთიერთთავსებადობის გასაძლიერებლად. გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ დავეხმარებით უკრაინას და მხარს დავუჭერთ ძალისხმევას ომის შემდგომი აღდგენისა და რეფორმების გზაზე.
9. ჩვენ დავადგინეთ ახალი საბაზისო ზღვარი ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის პოტენციალისთვის. ნატო გააგრძელებს ჩვენი მოსახლეობის დაცვას და ყოველთვის დაიცავს მოკავშირეთა ტერიტორიის ყველა სანტიმეტრს.
ჩვენ დავეყრდნობით ჩვენს ახლად გაძლიერებულ პოტენციალს და მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ ჩვენს შეკავებას და თავდაცვას გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა უზრუნველვყოთ ყველა მოკავშირის უსაფრთხოება და დაცვა. ჩვენ ამას გავაკეთებთ ჩვენი 360-გრადუსიანი მიდგომის შესაბამისად სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო, კიბერ და კოსმოსურ სფეროებში და ყველა საფრთხისა და გამოწვევის წინააღმდეგ.
ნატოს როლი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში არის ამ მიდგომის განუყოფელი ნაწილი. მოკავშირეებმა აიღეს ვალდებულება, განათავსონ ჩვენს აღმოსავლეთ ფლანგზე დამატებითი ძლიერი საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ძალები, რომლებიც, სადაც და როდესაც იქნება საჭირო, გაიზრდება არსებული საბრძოლო ჯგუფებიდან ბრიგადის დონის დანაყოფებამდე, სწრაფად ხელმისაწვდომი დამატებითი ძალების, წინასწარ განთავსებული ტექნიკის, მეთაურობისა და მართვის გაძლიერებული სისტემის საფუძველზე.
ჩვენ მივესალმებით ჩარჩო ქვეყნებსა და მასპინძელ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ძალების, მეთაურობისა და კონტროლის სისტემის გაძლიერებაში, მათ შორის დივიზიის დონის სტრუქტურების ჩამოყალიბებაში. ჩვენ მივესალმებით მოკავშირეების თავდაპირველ შეთავაზებებს ნატოს ძალების ახალ მოდელთან დაკავშირებით, რომელიც ნატოს ძალების სტრუქტურას გააძლიერებს, მოდერნიზებას მოახდენს და უზრუნველყოფს რესურსებით ჩვენი ახალი თაობის სამხედრო გეგმებს.
ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს კოლექტიური თავდაცვის წვრთნებს, რათა მოვემზადოთ მაღალი ინტენსივობის ოპერაციებისთვის სხვადასხვა სივრცეში და უზრუნველვყოთ ნებისმიერი მოკავშირის გაძლიერება მოკლე ვადებში.
ყველა ეს ნაბიჯი არსებითად გააძლიერებს ნატოს შეკავებას და მოწინავე თავდაცვას. ეს ხელს შეუწყობს ნატოს ტერიტორიის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიის თავიდან აცილებას და არ მისცემს საშუალებას პოტენციურ მოწინააღმდეგეს, მიაღწიოს წარმატებას მიზნების მიღწევაში.
10. მდგრადობა არის ეროვნული პასუხისმგებლობა და კოლექტიური ვალდებულება. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს მდგრადობას, მათ შორის ეროვნულ დონეზე შემუშავებული მიზნებისა და შესრულების გეგმების საშუალებით, რა დროსაც ვხელმძღვანელობთ მოკავშირეების მიერ ერთად შემუშავებული ამოცანებით.
ჩვენ ასევე ვაძლიერებთ ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი სამხედრო ძალების საიმედო ენერგომომარაგებას. ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს ადაპტაციას ყველა სივრცეში, გავაძლიერებთ ჩვენს მდგრადობას კიბერ და ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ და გავაძლიერებთ ჩვენს ურთიერთავსებადობას.
ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს პოლიტიკურ და სამხედრო ინსტრუმენტებს ინტეგრირებულად. ჩვენ მივიღეთ ახალი ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული თავდაცვის პოლიტიკა. ჩვენ მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ ჩვენს კიბერთავდაცვას სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების გზით.
ჩვენ ასევე გავაფართოებთ პარტნიორობას მრეწველობასთან. მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, ნებაყოფლობით საფუძველზე და ეროვნული საშუალებების გამოყენებით, შექმნან და გამოიყენონ სწრაფი რეაგირების ვირტუალური კიბერ-პოტენციალი მნიშვნელოვან მავნებლურ კიბერსაქმიანობაზე რეაგირებისთვის.
11. ჩვენ ვქმნით „თავდაცვითი ინოვაციების აქსელერატორს“ და ვაყალიბებთ მრავალეროვნულ საინოვაციო ფონდს, რათა გავაერთიანოთ მთავრობები, კერძო სექტორი და სამეცნიერო წრეები ჩვენი ტექნოლოგიური უპირატესობის გასაძლიერებლად. ჩვენ დავამტკიცეთ სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს აღმოჩენის და მართვის ახალი თაობის რადიოლოკაციური სისტემის (AWACS) და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობების უწყვეტ მიწოდებას.
12. კლიმატის ცვლილება ჩვენი დროის განმსაზღვრელი გამოწვევაა, რომელიც ღრმა გავლენას ახდენს მოკავშირეთა უსაფრთხოებაზე. ეს არის საფრთხის გამრავლება. ჩვენ შევთანხმდით ნატო-ს პოლიტიკური, სამხედრო სტრუქტურებისა და ობიექტების მიერ სათბური გაზების ემისიების მნიშვნელოვნად შემცირების მიზანზე, ოპერატიული, სამხედრო და ეკონომიური ეფექტიანობის შენარჩუნებით. ჩვენ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს ნატო-ს ყველა ძირითად ამოცანაში გავითვალისწინებთ.
13. ჩვენ ხაზს ვუსვამთ ადამიანის უსაფრთხოების ცენტრალურ მნიშვნელობას და უზრუნველყოფთ ადამიანის უსაფრთხოების პრინციპების ინტეგრირებას ჩვენს სამ ძირითად ამოცანაში. ჩვენ წინ ვავითარებთ „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ მტკიცე დღის წესრიგს და ვითვალისწინებთ გენდერულ პერსპექტივებს ნატოში.
14. ჩვენ შევიკრიბეთ მადრიდში ნატო-ს მრავალ პარტნიორთან ერთად. ჩვენ გვქონდა აზრთა ღირებული გაცვლა ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, შვედეთის, უკრაინის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებთან, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან. ჩვენ მივესალმებით იორდანიის და მავრიტანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ასევე ბოსნია-ჰერცეგოვინის თავდაცვის მინისტრთან ჩართულობას.
15. ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის უპრეცედენტო დონის გათვალისწინებით, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას ორმხრივი ღიაობის გამჭვირვალობის, კომპლემენტარობისა და ორგანიზაციების სხვადასხვა მანდატის, გადაწყვეტილების მიღების ავტონომიისა და ინსტიტუციური მთლიანობის პატივისცემის სულისკვეთებით, როგორც ეს ორი ორგანიზაცია შეთანხმდა.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე რეაგირების ჩვენი საერთო სიმტკიცე ხაზს უსვამს ამ უნიკალური და არსებითი პარტნიორობის სიძლიერეს. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან ჩვენი პარტნიორების მონაწილეობამ სხვა პარტნიორებთან ერთად, აჩვენა ჩვენი თანამშრომლობის ღირებულება უსაფრთხოების საერთო გამოწვევების დაძლევაში.
16. ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს პარტნიორობას, რომ ისინი პასუხობდნენ როგორც მოკავშირეების, ისე პარტნიორი ქვეყნების ინტერესებს. ჩვენ განვიხილავთ საერთო მიდგომებს გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებთან მიმართებაში, რომლებიც ნატოს ინტერესებს ეხება, გავიზიარებთ პერსპექტივებს უფრო ღრმა პოლიტიკური ჩართულობით და მოვძებნით თანამშრომლობის კონკრეტულ სფეროებს უსაფრთხოების საერთო პრობლემებზე რეაგირებისთვის. ახლა ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ჩართულობის გაძლიერებას არსებულ და პოტენციურ, ახალ დაინტერესებულ მხარეებთან ევროატლანტიკური ზონის მიღმა.
17. ევროპაში შეცვლილი უსაფრთხოების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღეთ ახალი ზომების გადაწყვეტილება ჩვენი პატნიორების, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოს და მოლდოვის რესპუბლიკის სპეციალიზებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ჩვენ ვმუშაობთ მათთან მათი ერთიანობისა და მდგრადობის გასაძლიერებლად, შესაძლებლობების განვითარებისთვის და მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის დასაცავად. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენი სამხრეთის პარტნიორების შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერას.
18. ჩვენ ვადასტურებთ ნატოს ღია კარის პოლიტიკისადმი ჩვენს ერთგულებას. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, მოვიწვიოთ ფინეთი და შვედეთი ნატოს წევრებად და შევთანხმდით, რომ ხელი მოვაწეროთ გაწევრიანების პროტოკოლებს.
ალიანსში ნებისმიერი გაწევრიანების დროს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოკავშირის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ლეგიტიმური შეშფოთებები სათანადოდ იყოს გათვალისწინებული.
ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება გახდის მათ უფრო უსაფრთხოს, ნატო-ს უფრო ძლიერს და ევროატლანტიკურ სივრცეს უფრო დაცულს. ფინეთის და შვედეთის უსაფრთხოება ალიანსისთვის პირდაპირი მნიშვნელობისაა, მათ შორის გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობისას.
19. ჩვენ მივესალმებით 2014 წლიდან მოკავშირეთა თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-3 მუხლში ჩვენი ვალდებულების შესაბამისად, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს ინდივიდუალურ და კოლექტიურ შესაძლებლობებს, რათა ყველა ფორმის თავდასხმას წინააღმდეგობა გავუწიოთ.
ჩვენ სრულად ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას თავდაცვის საინვესტიციო დაპირების მიმართ. ჩვენ დავეყრდნობით ამ დაპირებას და მომავალ წელს მივიღებთ გადაწყვეტილებას 2024 წლის შემდგომ ვალდებულებებთან დაკავშირებით.
ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებები იყოს უზრუნველყოფილი ადეკვატური რესურსებით. ჩვენ დავეყრდნობით მიღწეულ პროგრესს იმის უზრუნველსაყოფად, რომ გაზრდილი ეროვნული თავდაცვის ხარჯები და ნატო-ს საერთო დაფინანსება იყოს უსაფრთხოების უფრო სადავო წესრიგის გამოწვევების თანაზომიერი. ჩვენს თავდაცვაში და ძირითად შესაძლებლობებში ინვესტიცია არსებითია.
20. ჩვენ პატივისცემას გამოვხატავთ ყველა ქალისა და მამაკაცის მიმართ, რომლებიც აგრძელებენ ყოველდღიურ მსახურებას ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის და პატივს მივაგებთ ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა ჩვენი უსაფრთხოებისთვის.
21. ჩვენ მადლობას ვიხდით გულუხვი მასპინძლობისთვის, რომელიც გაგვიწია ესპანეთის სამეფომ ნატოში გაწევრიანების 40 წლისთავზე. მოუთმენლად ველით შეხვედრას ვილნიუსში, 2023 წელს.
22. ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებით, ჩვენ მტკიცედ დავსახეთ მიმართულება ალიანსის ადაპტაციის გასაგრძელებლად. ნატო ისტორიაში უძლიერეს ალიანსად რჩება. ჩვენი კავშირებითა და ჩვენი ორმხრივი ვალდებულებით, ჩვენ გავაგრძელებთ ყველა მოკავშირის თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვას, ისევე როგორც ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვას ახლა და მომავალი თაობებისთვის.