LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით, პარლამენტის სახელით მრავალპარტიული განცხადება მოვამზადეთ: კუჭავა

44
კახა კუჭავა

14 ივნისს ბრიუსელში ნატოს სამიტი გაიმართება. შეხვედრასთან დაკავშირებით კი საქართველოს პარლამენტი განცხადებას მიიღებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ერთობლივად მოამზადეს განცხადება, რომელიც მრავალპარტიულია და პირველ რიგში, ხაზს უსვამს იმ დიდ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომელიც პარლამენტში ქვეყნის ნატოში გაწევრებას აქვს.

კახა კუჭავამ აღნიშნა, რომ ხვალ, სესიის მსვლელობის დროს დოკუმენტი რუსთაველის დარბაზში იქნება წარმოდგენილი და ნებისმიერ დეპუტატს, როგორც პოლიტიკური ჯგუფის სახელით, ასევე ინდივიდუალურად, შესაძლებლობა ექნება, მას ხელი მოაწეროს:

“აქ გახლავთ საკითხების ჩამონათვალი იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ნატოს წევრობა და რომ იგი ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს. ასევე, ამ ფორმატის მნიშვნელობა მშვიდობიანი, სტაბილური, დემოკრატიული და თავისუფალი ევროპისთვის, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის. ნატოს და მის წევრებს მადლობას ვუხდით საქართველოსადმი გაწეული მხარდაჭერისთვის, ხაზს ვუსვამთ პარტნიორობის გაძლიერებას დემოკრატიული რეფორმების მხარდასაჭერად, აგრეთვე, მზარდი ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში.

აღნიშნულია შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის გაღრმავება და ვაცხადებთ, რომ ნატოში საქართველოს წევრობით შესაძლებელი იქნება ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კიდევ უფრო გაძლიერება. ხელმოწერით ჩვენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ყველა ჩვენს მეგობარს და პარტნიორს, რომლებიც აკვირდებიან მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, ვეუბნებით და ხაზს ვუსვამთ, რომ მიუხედავად ხშირ შემთხვევაში ფუნდამენტური განსხვავებებისა, არის საკითხები, რომლის გარშემოც ჩვენ ვერთიანდებით და ერთიანი ძალით მივდივართ წინ.

ხვალ, სესიის მსვლელობის დროს დოკუმენტი წარმოდგენილი იქნება რუსთაველის დარბაზში და ნებისმიერ დეპუტატს როგორც პოლიტიკური ჯგუფის სახელით, ასევე ინდივიდუალურად საშუალება ექნება, ხელი მოაწეროს. ამ ხელმოწერით ვაჩვენოთ ერთიანობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ხალხის არჩევანს და რის გარშემოც შეგვიძლია გავერთიანდეთ. ყველას მოგიწოდებთ დავაფიქსიროთ პოლიტიკური ნება ამ საკითხთან დაკავშირებით.” – თქვა კუჭავამ.

შეგახსენებთ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების მეთაურები მორიგ სამიტზე ბრიუსელში 14 ივნისს შეიკრიბებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g