გერმანიის კლინიკა Charité, სადაც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნია მოთავსებული, აცხადებს, რომ პოლიტიკოსი მოწამლულია. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა სააგენტოებმაც გაავრცელეს.
ბერლინის კლინიკაში ასახელებენ ნივთიერებას, რამაც რუსი ოპოზიციონერი მოწამლა.
„კლინიკურ მონაცემებში მითითებულია ინტოქსიკაცია ქოლინესტერაზის ინჰიბიტორთა ჯგუფიდან. კონკრეტული ნივთიერება ჯერ არ არის ცნობილი“, – ვკითხულობთ კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე განმარტებით, მომწამლავი ნივთიერების დასაზუსტებლად გაფართოებული კვლევა ჩატარდება. თუმცა, მათივე ცნობით, ნავალნის ორგანიზმში ტოქსინის მოქმედება რამდენიმე დამოუკიდებელი კვლევით დასტურდება.
აღნიშნული ნივთიერებათა ჯგუფი პოტენციურ ნეიროტოქსინებს წარმოადგენს. მათი ზემოქმედების შედეგად ძლიერდება ნერწყვის დენა. ასევე, შესაძლებელია გამოიწვიოს კუნთის სპაზმი, დიდი დოზის შემთხვევაში სიკვდილიც კი.
ინჰიბიტორთა ამ ჯგუფში ასევე შედის მომწამლავი ნივთიერება „ნოვიჩოკი”, რომელიც რამდენიმე წლის წინ ბრიტანეთში რუსული სპეცსამსახურების მიერ მამა-შვილ სკრიპალების მოწამვლისას გამოიყენეს.
ექიმების განცხადებით, ჯერჯერობით რთულია ნავალნის მდგომარეობის პროგნოზირება. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მოწამვლამ ნავალნის ორგანიზმზე გრძელვადიანი გავლენა იქონიოს, განსაკუთრებით კი, მის ნერვულ სისტემაზე.
რუსეთის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა” რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს ნავალნის მოწამვლის ფაქტზე საქმის აღძვრის თხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო.
ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. მოგვიანებით რუსი ოპოზიციონერი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.
მოწამლული ნავალნი უგონოდაა: პუტინის მორიგი მსხვერპლი?
ნავალნი კომიდან ვერ გამოდის: ვარაუდობენ, რომ გადარჩენის შემთხვევაში მხედველობას დაკარგავს
გერმანელი ექიმები: ალექსეი ნავალნი მოწამლულია
