LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI ადგილობრივი არჩევნების შეფასების საერთაშორისო მისიას იწყებს

63
1

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ადგილობრივი არჩევნების შეფასების მცირე ზომის გრძელვადიან საერთაშორისო მისიას იწყებს.

ორგანიზაციამ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შეფასების მისიის დაწყება დღეს დააანონსა.

როგორც ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში აცხადებენ, შეფასების მისიას წინ უძღოდა NDI-ის მაღალი დონის შეხვედრების სერია, რომლის მიზანიც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა იყო.

შეხვედრების დროს ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინს, რომ არჩევნების პროცესში ჩართული ყველა მხარე დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების პრინციპებს დაიცავს.

NDI-ის გრძელვადიანი შემფასებლების გუნდი სამი ანალიტიკოსის, მისიის ხელმძღვანელისა და მათი ქართველი თანაშემწეებისგან შედგება.

გუნდი არჩევნებთან დაკავშირებულ რამდენიმე საკვანძო საკითხს შეისწავლის, მათ შორის:

◼  საარჩევნო კამპანიის პროცესი, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო გარემო;

◼  გენდერისა და ინკლუზიის საკითხები;

◼  კოვიდ-19-ის გავლენა არჩევნებზე.

ინიციატივის ავტორები აღნიშნავენ, რომ მომავალი თვეების განმავლობაში, NDI აქტიურად იქნება ჩართული საარჩევნო პროცესების გაძლიერებაში და რეკომენდაციების შემუშავებისას გრძელვადიანი ანალიტიკოსების მიგნებებს დაეყრდნობა.

“გრძელვადიანი ანალიტიკოსები თბილისში 4 და 5 სექტემბერს ჩამოვიდნენ და საქართველოში კენჭისყრის დღის ჩათვლით დარჩებიან.

საქართველოში ყოფნის პერიოდში ისინი სოციალურ დისტანციასა და კოვიდ-19-თან დაკავშირებულ ყველა სხვა ზომას დაიცავენ. NDI-ის საერთაშორისო მცირე ზომის მისია საქმიანობას მიუკერძოებლად და პროფესიონალურად, საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად განახორციელებს.

პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

NDI არის არამომგებიანი, მიუკერძოებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხეში პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რომ გააძლიეროს და დაიცვას დემოკრატიული ინსტიტუტები, პროცესები, ნორმები და ღირებულებები, რათა ყველასთვის ცხოვრების უკეთესი ხარისხი უზრუნველყოს. NDI მსოფლიოს ხედავს როგორც ადგილს, სადაც დემოკრატია და თავისუფლება იმარჯვებს და ყველას ღირსება დაცულია.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g