ნეპალში ბუდისტები და ინდუსები ცოცხალ ქალღმერთს – 2 წლის არიატარა შაკიას ეთაყვანებიან. ამის შესახებ CNN წერს.
ცოცხალი ქალღმერთი ანუ კუმარი შესაძლოა გახდეს გოგონა შაკიას კლანიდან, რომელიც ძირითადად კატმანდუს მოსახლეობას მიეკუთვნება. საპატიო სტატუსის მატარებელი პატარები 2-4 წლამდე ასაკის უნდა იყვნენ, უნდა ჰქონდეთ უნაკლო კანი, თმა, კბილები და თვალები. „ქალღმერთს“ არ უნდა ჰქონდეს არანაირი შიშები, მათ შორის არ უნდა ეშინოდეს არც სიბნელის.
შერჩეული გოგონები მუდმივად წითელი ფერის სამოსს ატარებენ, შუბლზე მესამე თვალი აქვთ მიხატული და ქალღმერთის როლს ასრულებენ მანამ, სანამ სქესობრივ სიმწიფეს მიაღწევენ.
არიატარა შაკია კატმანდუს სასახლეში იცხოვრებს. ქალღმერთად არჩევის დღეს პატარას უამრავმა ადამიანმა სცა თაყვანი და ის ყვავილებითა და ფულითაც დაასაჩუქრეს.
„გუშინ ის ჩემი ქალიშვილი იყო მხოლოდ, დღეს კი ქალღმერთია. ორსულობის დროს ჩემმა ცოლმა სიზმარში ნახა, რომ ჩვენი ქალიშვილი ქალღმერთი იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ ის სრულიად განსაკუთრებული იქნებოდა.“ – უთხრა ადგილობრივ გამოცემას გოგონას მამამ.