„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი, მზია ამაღლობელი მოინახულა.
ამის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს გავიცანი მზია ამაღლობელი. სამწუხაროდ, ციხეში, და სამწუხაროდ, აქამდე არ ვიცნობდი.
წარმოუდგენლი შთაბეჭდილება მოახდინა ამ შეხვედრამ, თან იმ გარემოში.
დიდებული ადამიანია მზია: უწესიერესი, უგონიერესი, უგამბედავესი და უპატრიოტესი,“ – წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, ბათუმში, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სახეში სილა გააწნა.