ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში, დახურულ ფორმატში შეხვედრა გაიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ ეუთოს მისიის ხელმძღვანელი ვიორელ მოსანუ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილიც.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკა სიმონიშვილმა აღნიშნა, შეხვედრა ჰუმანიტარული მიზნით, იმ სამ დაკარგულ ადამიანთან დაკავშირებით შედგა, რომლებიც 2008 წლის ომის შემდგომ უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამ ადამიანს.
მისივე თქმით, შეხვედრის შინაარსი მთლიანად კონფიდენციალურია და ინფორმაციის გათქმის უფლება არ აქვს:
“შეხვედრის შინაარსზე ვერ ვისაუბრებ. ეს იყო შეხვედრა ჰუმანიტარული მიზნით სამ დაკარგულ ადამიანთან დაკავშირებით. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია, შეხვედრა იყო კონფიდენციალური და ჰქონდა ერთადერთი – ჰუმანიტარული მიზანი და შესაბამისად, ამ საკითხზე იყო საუბარი”, – განაცხადა სიმონიშვილმა.
შეგახსენებთ, 2008 წლის ომის შემდეგ სამი ცხინვალელი ახალგაზრდა უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნევიან.