დღეს ცნობილი გახდა, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას ახალ ბრალდებას წარუდგენენ. როგორც ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, „როგორც მისთვის გახდა ცნობილი, ნიკა მელიას ამ შემთხვევაშიც სასამართლოს შეურაცხყოფას ედავებიან და საქმე ეხება ლისის ტბის ტერიტორიაზე, მისი დაკავების ადმინისტრაციული საქმის განმხილველ მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანს“.
ნიკა მელიასთვის ახალი ბრალდების წარდგენამდე, ცოტა ხნის წინ, „ტვ პირველთან“ კომენტარი გააკეთა ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ, რომელმაც განაცხადა, რომ მის შვილს ვერ გატეხენ.
„ნიკას გატეხვა უნდათ, ნიკას ვერ გატეხენ. ამ მთავრობას ფსიქოლოგები არ ჰყავს, რომ გააანალიზონ ნიკას პიროვნება? ასე ვერც ნიკას და ვერც მის მშობლებს ვერ გატეხენ, არათუ მშობლებს, სანდროსად ვერ გატეხენ [ნიკა მელიას შვილი], ისეთი მაგარია.
ალბათ, როგორც ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მიიყვანეს დედის გასვენებაში და უჯიკავებდნენ, ისე უნდათ დაუჯიკავონ ნიკას, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან. ყველაზე მეტად ჩემი მეუღლე მეცოდება, ის ძალიან განიცდის.
ნიკა, მაგრად იყავი, ჩვენც მაგრად ვართ, არ გავტყდებით, შენ გვერდით ვართ და შენი ოჯახის გვერდით ვიქნებით ყოველთვის. მეტირება, მაგრამ ეს ჩემს სისუსტეზე არ მიანიშნებს, ჩემს სიძლიერეზე ლაპარაკობს. მაგრად ვიქნები და შენც მაგრად უნდა იყო და ხარ.
ნიკა იქიდან გვამხნევებს და მე აქედან უნდა გავამხნეო. რომ იცოდე, რამდენ ადამიანს უყვარხარ. ერთად გავიმარჯვებთ აუცილებლად, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება“, – განუცხადა ანზორ მელიამ „ტვ პირველს“.
შეგახსენებთ, ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით 29 მაისს დააკავეს.
ცნობისათვის, ნიკა მელია პატიმრობაში იმყოფება. მას კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმას შეეხება, 8-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
ნიკა მელიას 8 თვით პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა
ნიკა მელიას ასევე მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
