LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატებს რესტავრაცია ჩაუტარდა

389

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და თიბისი ბანკის დაფინანსებით, „ფიროსმანის აღდგენის“ მასშტაბური პროექტი განხორციელდა. რესტავრაცია, ნიკო ფიროსმანის მირზაანის მუზეუმის კოლექციაში დაცულ ორი ნამუშევარს – „თამარ მეფესა“ და „შოთა რუსთაველს“ ჩაუტარდა.

2 თებერვალს, თიბისი გალერეაში, მირზაანის კოლექციაში დაცულ ფიროსმანის სხვა ნამუშევრებთან ერთად, აღდგენილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ესწრებოდნენ.

გამოფენა, რომელიც 3 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება, საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. სკოლის მოსწავლეებისთვის მოეწყობა საგანმანათლებლო ტურები, რომელთა მიზანია ფიროსმანის შემოქმედების უფრო ახლოს გაცნობა. მუზეუმის გიდი მოსწავლეებს მოუყვება ისტორიებს ფიროსმანის შესახებ, ასევე დამთვალიერებელს საშუალება ექნება იხილოს ანიმაცია ფიროსმანის შესახებ, რომელიც თიბისი ბანკის ინიციატივითა და დაფინანსებით შეიქმნა.

თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის პორტრეტები ფიროსმანის მიერ 1913-1914 წლებშია შესრულებული. მირზაანის კოლექციაში ეს ნამუშევრები 1989 წელს მოხვდა. მანამდე ისინი ცნობილი ფილოლოგის იოსებ მეგრელიძისა და თეატრმცოდნე ნინო შვანგირაძის კერძო კოლექციაში, შემდეგ კი ხალხთა მეგობრობის მუზეუმში ინახებოდა. ამ უკანასკნელმა მოგვიანებით ფიროსმანის „თამარი“ და „რუსთაველი“ საჩუქრად მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმს გადასცა. ამ დროისათვის ნამუშევრებზე უკვე ჩატარებული იყო რესტავრაცია, თუმცა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო, ნამუშევრები დაზიანებული იყო.

სურათებს რესტავრაციას შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის სარესტავრაციო სახელოსნოს სპეციალისტები – ნანა მანაგაძე და ეველინა კარსელი უტარებდნენ. რესტავრაციის პროცესი სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. რესტავრაციის პროცესი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მოქმედი საბჭოს ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g