ტროი სივანმა ოფიციალურად გახსნა შემოქმედების ახალი ეპოქა და რიგით მეოთხე სტუდიური ალბომი — She’s the Best დააანონსა.
პროექტის პირველი, ამავე სახელწოდების სინგლის კლიპში მთავარ როლს, ,,ოსკაროსანი” მსახიობი, ნიკოლ კიდმანი ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა კიდმანი მუსიკალურ რგოლში გამოჩნდა.
ამასთან, ნიკოლ კიდმანის მოულოდნელმა გამოჩენამ და კლიპის მაღალი მოდის ესთეტიკამ ფანებსა და კრიტიკოსებში უკვე დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.
ვოდეოში მოქმედება ვითარდება ღამის კლუბში, სადაც სივანი სცენას დრაგ-დედოფალ, საშა კოლბისთან ერთად იყოფს. ბართან მჯდომი კიდმანი კი, ტყავის შავ კაბაში, მუქ სათვალესა და ბრწყინვალე ქურთუკში, სიგარეტს ეწევა და მათ გამოსვლას აკვირდება. სიმღერის ვიზუალის ფინალში მსახიობი თავადაც უერთდება არტისტს დრაგ-პერფორმანსში.
ვარსკვლავებმა ერთმანეთი 8 წლის წინ, ფილმის – Boy Erased გადაღებებზე გაიცნეს. სივანმა აღნიშნა, რომ კიდმანი მისთვის მუდამ „ღვთაებრივი ქალურობის“ სიმბოლო იყო.
ტროი სივანის ახალი ალბომი – She’s the Best, 9 ოქტომბერს გამოიცემა და მასში სულ 12 კომპოზიცია შევა. ლიდ სინგლის შექმნაში მონაწილეობდნენ ინდუსტრიის ისეთი გიგანტები, როგორებიც არიან პროდიუსერი, ჯეკ ანტონოფი და ჯგუფ The 1975-ის წევრი, ჯორჯ დანიელი. გარდა ამისა, სიმღერის ბოლო აკორდებზე ფარული ბეკ-ვოკალით ჩნდება სივანის ახლო მეგობარი და კოლეგა, Charli XCX.
მომღერლის თქმით, ახალი ნამუშევარი იქნება ყველაზე ქაოტური, ცოცხალი, ორგანული და გულწრფელი პროექტი, რაც კი მას ოდესმე გაუზიარებია მსმენელისთვის.