LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ გოგუაძე: „მეგის ქარდავას გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემთვის ესროლა, რამდენიმე წუთი ველოდებოდით ზარს, რომ დარეკეს სახე შეეცვალა, გადარჩიო და შემაგინა“

241
ნიკოლოზ გოგუაძე

„მეგის ქარდავას გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემთვის ესროლა. რამდენიმე წუთი ველოდებოდით ზარს, რომ დარეკეს სახე შეეცვალა, გადარჩიო და შემაგინა. ეტყობა იქიდან უთხრეს არ გაისროლოო, დიდი გაურკვევლობა იყო, ჩანდა ჩვენი დაკავება მათ ინტერესში საერთოდ არ შედიოდა“, – ამის შესახებ „ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის“ დამფუძნებელმა ნიკოლოზ გოგუაძემ, „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის სახელით ცნობილი სისხლის სამართლის საქმე განიხილება.

ნიკოლოზ გოგუაძემ გაიხსენა ყინწვისში დაკავების მომენტში მეგის ქარდავასთან შეხვედრის მომენტი, რომელიც, მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსანი და სპეცრაზმის ხელმძღვანელი იყო.

„ყველანი დაგვყარეს იატაკზე, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი მეგის ქარდავა როგორ გამოიყურებოდა, ან ვინ იყო საერთოდ. მეგის ქარდავა მოვიდა, კითხულობდა გოგუაძე რომელიაო, მე ვუთხარი მე ვარ- მეთქი. ეგრევე კონდახი ჩამარტყა თავში, გავითიშე, ამწია და მიკროავტობუსში შემაგდო. სადაც მითხრა პირდაპირ, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემთვის ესროლა „აი, ამ „მარშუტკაში” დაგტოვებო“. ავტომატი მოშვერილი აქვს მეგის ქარდავას, ერთ ხელში ტელეფონი უჭირავს, მეორით მუხლზე უდევს ავტომატი. იღებს ტელეფონს და სადღაც რეკავს – წინ მიზის და დავამთავროო, ეს მესმის საუბარი.

შემდეგ ყურმილს უთიშავს ის და ეტყობა უთხრა გადმოგირეკავ მოიცაო, აი ახლა წყდება შენი ბედიო მე მეუბნება. რამდენიმე წუთი ველოდებოდით ზარს, რომ დარეკეს სახე შეეცვალა, გამწარდა, გადარჩიო და შემაგინა. ეტყობა აქედან უთხრეს არ გაისროლოო, ჩავიდა დაბლა და მერე ნელ-ნელა ყველა ბიჭი გადაგვანაწილეს სხვადასხვა მიკროავტობუსში, დიდი გაურკვევლობა იყო, იქ უკვე ჩანდა, რომ ჩვენი დაკავება როგორც ასეთი მაგათ ინტერესში საერთოდ არ შედიოდა, იმიტომ რომ არ იცოდნენ რა ექნათ ჩვენთვის, ყველა სადღაც რეკავდა რა ვქნათ, აქ გვყავს, ეს გვესმოდა ჩვენ“, – განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.

მან ასევე მან გაიხსენა ერთ-ერთი დაკავებული, ჯემალ სურამელაშვილი, რომელიც, მისი თქმით, დაკავებისას მიკროავტობუსზე ჩააბეს და გზის გარკვეული მონაკვეთი ასე წამოიყვანეს.

„ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი იყო ჯემალ სურამელაშვილი, რომელიც, ჩვენ რომ მანქანებში გადაგვანაწილეს, რატომ მოინდომეს მასთან ასეთი ანგარიშსწორება გაუგებარი იყო, მაგრამ ჯემალი ჩააბეს მიკროავტობუსზე და ათრიეს – ვუყურებდით ამას, მთელი გზა, ყინწვისის მონასტრიდან სანამ ცენტრალურ გზამდე ჩახვიდოდი. ყველას გვეუბნებოდნენ, თავები დაბლა გქონდეთ დაწეულიო და სჯობდა ალბათ, თავები არ აგვეწია, მაგრამ, მე დავინახე,” – განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.

ამასთან, გოგუაძის განცხადებით, სასულიერო პირები როგორც კი გამოესარჩლნენ ყინწვისის მონასტერში დაკავებულებს, სპეცრაზმმა მათაც დაუწყო ცემა.

„ჩვენი დაკავებისას, სასულიერო პირებს რეაქცია ჰქონდათ, რას შვრებითო და როგორც კი გამოგვესარჩლნენ სასულიერო პირები, მათაც მოხვდათ. მარტივად რომ ვთქვათ, ბერებსაც სცემა სპეცრაზმმა – კონკრეტულად ვინ ურტყამდა, ყურადღება მაშინ არ მიმიქცევია, იმიტომ, რომ ერთადერთი [მეგის] ქარდავა და კიდევ ერთი ადამიანი იყო ნიღბის გარეშე, დანარჩენი ყველა ნიღბებში იყო. ყველამ დავინახეთ, რომ ბერები სცემეს, უმოწყალოდ არ უცემიათ, მაგრამ ურტყეს და ძირს დაყარეს ყველა ამ ცემის შედეგად.” – განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g