ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნინი ბადურაშვილმა გადაცემა „პრაიმშოუ“ დატოვა და ტელეწამყვანის ამპლუაში ამ გადაცემის ფარგლებში აღარ გამოჩნდება. ნინი წლების განმავლობაში იყო „პრაიმშოუს“ ერთ-ერთი სახე, თუმცა მიიღო გადაწყვეტილება და უკვე სამი კვირაა, ტელევიზია დატოვა სხვა გეგმების და ჩანაფიქრების განსახორციელებლად.
ნინი fortuna.ge-ს ესაუბრა ამ გადაწყვეტილების შესახებ.
ნინი ბადურაშვილი:
პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩემი დიდი თხოვნაა, რომ „პრაიმშოუდან“ ჩემს წამოსვლას პოლიტიკურ სარჩულს ნუ მივცემთ, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა და ვფიქრობ, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს. ძალიან დიდი მადლობა „იმედს“, რომ ამდენ ხანს ვიმეგობრეთ და ვითანამშრომლეთ.
რა ტიპის გამოცდილება დააგროვე „პრაიმშოუს“ წამყვანობისას“?
უდიდესი, რადგან მთელი ცხოვრება, ბავშვობიდან მინდოდა, ჩემი გადაცემა მქონოდა, შესაბამისად, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. მანამდე, მართალია, იყო „ფეისკონტროლი“, სადაც პირდაპირ ეთერში ვიყავით (გადაცემა, რომელიც ნინის ნანკა კალატოზიშვილთან ერთად მიჰყავდა – ავტ.შენ.), ესეც ნოე სულაბერიძის გადაცემა იყო… პირდაპირი ეთერში იქ მიღებული გამოცდილება დამეხმარა, როდესაც „პრაიმშოუს“ წამყვანი გავხდი.
„პრაიმშოუმ“ ძალიან დიდი გამოცდილება მომცა, უამრავი ბედნიერი დღე მაჩუქა, ძალიან საინტერესო იყო ყველაფერი, დამამეგობრა ძალიან კარგ ადამიანებს. ანრი და ნოე ისედაც ჩემი მეგობრები იყვნენ, სალომეს ბავშვობიდან ვიცნობდი, მაგრამ ასე არ ვმეგობრობდით, გადაცემაში დავუმეგობრდი ასევე მაქაცას და ნინას… კარგი დრო ვატარეთ, ბევრი რამ გადაგვხდა თავს და ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო ეტაპი იყო.
როგორც მომღერალი, უფრო გააქტიურდები? თუმცა არც მანამდე იყავი ამ მიმართულებით პასიური…
ყოველთვის ვცდილობდი ამ მხრივ აქტიურობას, მაგრამ მაინც ჩემი მეტი დრო და ენერგია მიდიოდა გადაცემაზე, განსაკუთრებით, პირველ წლებში, ამას არ ვნანობ, თუმცა ბოლოს არ მომწონდა, რომ უფრო მეტად ტელეწამყვანის პოზიციით მომიხსენიებდნენ და ჩემი მთავარი პროფესია ჩრდილში იყო. ახლა მეტი დრო დამრჩება ჩემი საქმის გასაკეთებლად. მაქვს ახალი პროექტები, რომლებსაც იმედი მაქვს, განვახორციელებ.
ხომ არ გვეტყვი, რა პროექტებზეა საუბარი?
ერთი პროექტია, რომელიც მარტო მე არ მეხება, ოჯახურია და არ არის სატელევიზიო. ბევრი ახალი სიმღერა მაქვს, რომელთა ჩაწერაც ვერ მოვახერხე და ასე ვთქვათ, „გზაშია“. მინდა, ახალი ვიდეორგოლიც გამოვიდეს. მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი ჩემთვის. არ ვფიქრობ, რომ ტელევიზია ამაში ხელს მიშლიდა, მაგრამ ახლა უფრო მეტი დრო მექნება ჩემი პროფესიისთვის.
გამორიცხავ ტელევიზიაში დაბრუნებას ტელეწამყვანად?
არ გამოვრიცხავ ტელევიზიაში დაბრუნებას, მაგრამ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება მივიღე.
ინტერვიუ: ნინო მურღულია