LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ჩხეიძის ექსპერიმენტული ზაფხული: „წლები, არც ზღვაში ჩავდიოდი და არც სანაპიროზე გავსულვარ… წელს პირველად ჩავედი ზღვაში…“

2194
ნინო ჩხეიძე

ნინო ჩხეიძეს საკმაოდ საინტერესო ზაფხული გამოუვიდა, რომლის შესახებაც fortuna.ge-ს მკითხველს სიამოვნებით უამბობს.

ნინო, მგონი, ძალიან ექსპერიმენტული ზაფხული გამოგივიდა. ხან ქერა მოკლე თმაში მოგვევლინე, ხან მუქი ფერის მოკლე ვარცხნილობაში, ხან გრძელი თმით… 

ამ ზაფხულს გადავწყვიტე, რომ იმიჯი შემეცვალა  და შევიჭერი თმა, ძალიან მომენატრა ასეთი ვარცხნილობა. ფოტოგრაფმა გააკეთა ექსპერიმენტი ფოტოშოპით და თმა ქერად „შემიღება“, ფოტო რომ დავდე, მეგონა, ყველა მიხვდებოდა, მაგრამ ვერავინ მიხვდა და ძალიან მრცხვენია (იღიმის). სხვათა შორის, მქონდა ქერა თმა და რეალურ ცხოვრებაში სასტიკად არ მიხდებოდა, არ ვაპირებ ამ ექსპერიმენტის გამეორებას.

რაც შეეხება იმიჯის ცვლილებას, სექტემბრიდან უფრო განსხვავებული ვიქნები – ნაკლები მაკიაჟით და მოკლე თმით. ეს არის ჩემს ბუნებრივ ფერთან მიახლოებული თმის ფერი. საერთოდ, მიყვარს მრავალფეროვნება. გრძელი თმა ძალიან მომწონდა. შენი თავი რომ მოგწონს და მიაგნებ შენს სტილს, ეს შეგრძნება მქონდა, მაკიაჟიც მოვუხდინე, მაგრამ ზოდიაქოთი ტყუპები ვარ და ამ ზოდიაქოს ნიშანს ძალიან ვამართლებ. გარდასახვა და სხვა იმიჯი მომინდა…

შვილთან ერთად სად დაისვენე?

საგურამოში ვიყავით რამდენიმე დღე ერთად. შემდეგ მარიკო ბაკურიანში წავიდა, რადგან ძალიან უყვარს მთაში დასვენება, მე კი ამ ზაფხულს თან ვისვენებდი და თან ვმუშაობდი.

ვიყავი ისრაელში, ბელგიაში, ახლა მივდივარ აბუ დაბიში. ძალიან მიხარია იქ გამგზავრება, მაგრამ ვიცი, რომ წარმოუდგენელი სიცხეებია. კორპორაციულ წვეულებაზე გამოვდივარ იქაც. ისრაელში დავისვენე ცხოვრებაში პირველად ათი დღე, არ ვმუშაობდი. ეს პერიოდი ჩემს თავს მივუძღვენი. ჩემდა გასაკვირად, დიდი ხნის შემდეგ პირველად ჩავედი ზღვაში. ყველამ იცის ჩემ გარშემო, რომ ეს ფობია მაქვს და წლებია, ფეხი არ ჩამიდგამს ზღვაში. ახლა კი, ცოტ-ცოტა ცურვის სწავლაც დავიწყე.

ზღვის ფობია რამ გამოიწვია?

ხუთი წლის რომ ვიყავი, ჩავდიოდი, მაგრამ ერთ დღეს, ფეხი რომ ვეღარ დავდგი, მქონდა შეგრძნება, რომ ვიხრჩობოდი. მას შემდეგ სანაპიროზეც არ გავსულვარ. წელს იმდენად გადავიღალე, რომ ზღვაში ჩასვლა გავრისკე. ზღვის ენერგია მავსებდა და მსიამოვნებდა, ისრაელში არაჩვეულებრივი სანაპიროა, ძალიან კარგი დასვენება გამომივიდა.

როგორია შენი ფავორიტი დასვენება?

არ მიყვარს პასიური დასვენება, მეგობრებთან ერთად გასვლა კაფეებში, გართობა, ასეთია ჩემთვის სასურველი დასვენების დღეები. მიუხედავად მთელი წელი დატვირთული გრაფიკისა, უნდა ვნახო ხოლმე  ახალი ადგილები და მივიღო სიამოვნება.

სიამოვნების მიღებაში ჭამა-სმაც იგულისხმება?

ჩემდა სამწუხაროდ, კი (იცინის). რაც ისრაელიდან საქართველოში ჩამოვედი, ექვსი კილო დავიკელი, ისეთ მკაცრ დიეტაზე დავჯექი. იქ ყველაფრის უფლება მივეცი ჩემს თავს და რომ დავბრუნდი, ჩემი თავი აღარ მომეწონა. ჯანსაღ კვებაზე გადავედი, ამოვიღე ნახშირწყლები, ცომეული, ტკბილი. ვიკვებები მოხარშული საკვებით და იმით, რაც სასარგებლოა.

ვიცი, რომ ალბომსაც გამოსცემ მალე…

რა სიმღერებიც დამიგროვდა, „ღამის პრაიმ ტაიმის“ პროექტებისთვის ჩაწერილი, ჩემმა მსმენელმა უკვე იცის, შევკარი ნაკრებად და ალბომად გამოიცემა. მსმენელს ექნება საშუალება, რომ ერთიანად მოისმინოს, რაც 2023 წელს ჩავწერე, სულ 12 სიმღერა. ალბომის სახელწოდებაა „სანამ დროა“ და მისი მოსმენა მალე ყველა ინტერნეტპლატფორმის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

 ინტერვიუ: ნინო მურღულია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები