LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო დავითიანი: „ყველაზე მეტად მამა იმას განიცდის, რომ ოჯახი დამენგრა… მუსიკამ მამაჩემთან უფრო მეტად დამაახლოვა…“

3424
გია-დავითიანი

„ალილოს“ წევრის, გია დავითიანის ქალიშვილი, ნინო ბავშვობიდან მღერის, თუმცა მიუხედავად მუსიკალური ოჯახისა, მხოლოდ ახლა გადაწყვიტა, სიმღერას ხელი სერიოზულად მოკიდა. მისმა ამ გადაწყვეტილებამ მამა ძალიან გაახარა. ახლა მამა-შვილი დუეტებს გვთავაზობს და როგორც ნინო fortuna.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, მუსიკამ ისინი უფრო მეტად დაახლოვა…

ნინო, მამა ძალიან ბედნიერი ჩანს იმით, რომ სიმღერა გადაწყვიტე…

ნინო დავითიანი:

ხშირად ვამბობ, რომ ცხოვრებისეულმა სიტუაციამ ასე მომიტანა. არ მითქვამს, აუცილებლად უნდა დავიწყო სიმღერა-მეთქი. კარაოკეში მენეჯერად შემთხვევით დავიწყე მუშაობა. ყოველ საღამოს ვღიღინებდი ხოლმე იქ. მამას ვიდეოებს ვუგდებდი და ვეკითხებოდი, მოგწონს-მეთქი? არა უშავსო, მპასუხობდა, ალბათ, ძალიან გულს არ მტკენდა.

მერე, უფრო სერიოზულად რომ დავინტერესდი სიმღერით, სერიოზულადვე მითხრა, ყოჩაღ, ნელ-ნელა მუშაობ შენს თავზეო. იქნებ, დამიწყო სიმღერების არჩევა…

დედაჩემი იყო მომღერალი, კონცერტმაისტერი. ყოველი დილა იწყებოდა გამღერებებით, გამებით, მოსწავლეები მეცადინეობდნენ ჩვენთან, ჩამესმოდა სულ, თუმცა დედას სიმღერა ასე ოფიციალურად არ უსწავლებია. ძალიან იშვიათად დამაყენებდა ხოლმე და მამეცადინებდა, ჩემს მეგობრებს ამეცადინებდა უფრო მეტად. მაშინაც და ახლაც ძალიან კრიტიკული ვარ ჩემი ნამღერის მიმართ.

მამა მოლბა ცოტა თუ კრიტიკას კვლავ აგრძელებს?

სხვათა შორის, გიაც ანალოგიურს ამბობს საკუთარ ნამღერზე. მგონი, გიას ვგავარ ამაში. ჩემს ნამღერზე ამბობს, რომ მოსწონს ჩემი ბგერა, როგორი მიდგომა მაქვს ქართული სიმღერის მიმართ…

„ალილოს“ წევრები შვილების მიმართ ზედმეტად კრიტიკულები ყოფილან…

ჩვენშიც, შვილებშიც არის, ალბათ, ეს კომპლექსი. ბევრს ვთხოვთ საკუთარ თავს. დიდი შრომის შედეგია და გამბედაობის, რომ დადგე და დაიწყო სიმღერა, გჭირდება სითამამე, მამიდან გამომდინარე… ჩემთვის ხშირად უთქვამთ, გია დავითიანის შვილი უფრო მაგრად უნდა მღეროდესო. ადრე ძალიან მხვდებოდა ეს გულზე. მერე, როცა მივხვდი, რაში იყო პრობლემა, მერე აღარ ვაქცევდი ყურადღებას.

და რა პრობლემა იყო სინამდვილეში?

ვერ ვიტყოდი, რომ ამ ადამიანებს ჩემი გულის ტკენა უნდოდათ. მაშინ, როცა ამას მეუბნებოდნენ, ალბათ, მართლები იყვნენ. ადამიანები ხვდებოდნენ, რომ უფრო მეტი შემეძლო. ჩემს ახლობლებზე მაქვს საუბარი, ალბათ, ახლაც ხვდებიან, რომ უფრო მეტი შემიძლია და არ ვაკეთებ…

ამჟამად, სასიმღერო კარიერის კუთხით, რა ეტაპზე ხარ?

„მიმღერეს“ პროექტის შემდეგ, გიას პირველი რომ დავურეკე, ვუთხარი, თურმე სიმღერის აზრზე არ ვყოფილვარ-მეთქი. ახლა უნდა ვიმუშაო, ძალიან დიდი შრომა მჭირდება, რომ საკუთარ თავს ვუთხრა, ნინუცა, ყოჩაღ…

საკუთარი თავის კრიტიკა, მგონი, ზედმეტად გაქვს…

ერთი სიმღერა შეიძლება, მილიონჯერ ვიმღერო, თუ ვიცი, რომ არ ვარ დარწმუნებული შესრულებაში. მეასედ მომეწონება, ალბათ.

ვიცი, რომ შენი ქალიშვილიც მღერის…

ღიღინებს ისიც, სახლში, ძალიან კარგად. კარაოკეში რომ მოდიოდა, ძალით ვამღერებდი. ლამაზი და ტკბილი ტემბრი აქვს. თუ მოუნდება, სიმღერაზე კარგი არაფერია, ამაზე უფრო დიდი თერაპია არ არსებობს…

უცხოენოვანი სიმღერების შეტანა არ გინდა რეპერტუარში?

დიდი სიამოვნებით, მაგრამ ენის ბარიერი მაქვს. მგონია, სიტყვებს ისე ვერ გამოვთქვამ, როგორც საჭიროა. რამდენიმე სიმღერა კარგად მაქვს გამჯდარი, მაგრამ ვერ ვბედავ საჯაროდ შესრულებას. თქვი, რამდენი კომპლექსი მაქვს…

გიამ ერთგან აღნიშნა, რომ ახლა უფრო კარგი მამა-შვილობა გაქვთ… მართალია?

ბოლო წლების განმავლობაში სიმღერამაც ძალიან დაგვაახლოვა. როცა მშობელი და შვილი დიდი ხნის განმავლობაში ცალ-ცალკე ცხოვრობს, იმდენი ურთიერთობა აღარ აქვს. ბოლო სამი წლის განმავლობაში უფრო მეტად მუსიკამ გაგვაცნო ერთმანეთი. როგორ არ ვიცნობდი მამაჩემს, მაგრამ იმდენი ნიუანსი გავიგე გიაზე, რაც შეიძლება ვერც გამეგო, ერთ სფეროში რომ მოვხვედრილიყავი.

მართალია, რომ გია მკაცრი მამაა?

ზოგადად, გია ხასიათით არის მომთხოვნი და მკაცრი, არა მხოლოდ ჩემ მიმართ. ჩემს შვილსაც სთხოვს, ჩემს დას. ყველასთან ასეთია. თავიდან მწყინდა ძალიან, მაგრამ მერე მივეჩვიე, მივიღე მამაჩემი ისეთი, როგორიც არის…

პირადი ამბების შესახებ არ უშლიდი გულს?

17 წლის ასაკში გავთხოვდი. გიამ ჩემი მეუღლის შესახებ არაფერი იცოდა. მერე გაიცნო და ძალიან შეუყვარდა. კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. როცა შაკოს გავშორდი, იყო რაღაცები, რის შესახებაც მამასთან არ მისაუბრია. ამ ბოლო დროს დაიწყო საუბარი, შენ რომ ეს გეთქვა და შენ რომ ის გეთქვაო… დღემდე განიცდის იმას, რომ გაშორებული ვარ და ოჯახი არ მყავს…

ვიდეო: გია დავითიანი: „გაშორება მოდაში შემოვიდა, თუ რა ხდება? არ არსებობს ჩემი მეგობრის შვილი, გაშორებული რომ არ იყოს მეუღლეს… ნინუცას პირადული ცოტა ადრე რომ გაეზიარებინა ჩემთვის, კარგი იქნებოდა…“

დღეს უყვები პირადულ ამბებს, უფრო მეტად გახსნილი ხარ?

ყველაფერს… ადამიანი რომ გამოჩნდეს, რომელიც ჩემ მიმართ სიმპათიას გამოიჩენს, პირველად გიას ვეუბნები. მართლა ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მეც რომ გავიზარდე, მოვიხსენი მშობლის კომპლექსი. მამის მიმართ პატივისცემა ყოველთვის არის, მაგრამ უფრო გავლაღდი გიასთან ურთიერთობაში.

როგორი ურთიერთობა გაქვთ შენ და გიას მეუღლეს?

ეკასთან გადასარევი ურთიერთობა მაქვს. ეკა არის ადამიანი-განწყობა, ძალიან მხიარული. როცა გია წაიჯიჯღინებს, ეკა გამოფარფატდება და დაამშვიდებს. ჩვენს ოჯახში საჭირო იყო ერთი ასეთი ადამიანი, ძალიან სერიოზულად რომ არ ვუყუროთ ცხოვრებას, რადგან ცოტა მძიმეები ვართ (იცინის).

ფიქრობ კიდევ დაოჯახებას?

ორიენტირად არ მაქვს, რომ აუცილებლად უნდა დავოჯახდე. კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. ასე რომ არ ვიცი, ხვალ და ზეგ რა მოხდება ჩემს ცხოვრებაში. შეიძლება, გამოჩნდეს ისეთი ადამიანი, რომელთანაც მომინდება ოჯახის შექმნა. მთავარია, საკუთარ თავში ვიპოვოთ სიყვარული, თუ არ გამოჩნდება ასეთი ადამიანი, არც ეს არის ტრაგედია (იღიმის).

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g