LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ლომჯარია: „სისხლის სამართლის წესით აქციის 30-ზე მეტი მონაწილეა დაპატიმრებული, დაკავებულებს შორის არის 10-მდე სტუდენტი, ექიმი, ჟურნალისტი და მსახიობები, ასევე აკადემიური სფეროსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები“

129
ნინო ლომჯარია

„საჯარო წყაროებით გავრცელებულ და ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებულია აქციის 30-ზე მეტი მონაწილე, მათი ასაკი 19 წლიდან იწყება“, – ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა  და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ნინო ლომჯარიას თქმით, დაკავებულებს შორის არის 10-მდე სტუდენტი, ასევე ექიმი, ჟურნალისტი, მსახიობები და აკადემიური სფეროსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები:

„არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ვაკვირდებით მართლმსაჯულების განხორციელებას იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებზეც საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ მიმდინარეობს. გამოვლენილ ტენდენციებსა და მიგნებებზე ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაციას რეგულარულად ვაწვდით…

აქციის მონაწილე ყველა პირის მიმართ სასამართლომ ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გამოიყენა. მოგვიანებით, 2 პირი – ალეკო ელისაშვილი და ერთი არასრულწლოვანი პროკურატურის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.

ამის პარალელურად არ არის დაკავებული არც ერთი სამართალდამცავი, რომლებმაც აქციის ასობით მონაწილისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა და წამება განახორციელეს.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ და სასამართლომ არაფორმალური ძალადობრივი დაჯგუფების წევრები, რომლებიც ქუჩაში აქციის მონაწილეებზე ძალადობდნენ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა“, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

ლომჯარიას თქმითვე, დაკავებულების ნაწილი დაკავების შემდგომ მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს:

„მიუთითებენ უკანონო პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის ფაქტებზე, დაკავების დროს და მის შემდგომ პერიოდში პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე. დაკავებულთა ნაწილი დაკავების შემდგომ მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს.

აღსანიშნავია, რომ აქციის ორი მონაწილე დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ ფლობის ბრალდებით. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ აქციიდან მომავალს პოლიციამ მოწმეთა დასწრებისა და ვიდეოჩაწერის გარეშე უკანონოდ ჩაუტარა ჩხრეკა და ნარკოტიკული საშუალება ჩაუდო, ხოლო მეორე დაკავებული როგორც ნარკოტიკების ჩადებაზე, ასევე, დაკავების შემდგომ ღირსების შემლახველ მოპყრობასა და ზეწოლაზე მიუთითებს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – რა თქვა დაკავებულმა სასამართლოზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g