LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო თარხნიშვილი: „ახლა რომც მოკვდეს, ვირას ზურგი ინახავს თორმეტნიშნა რიცხვს, წინ პლუსით, როგორც ზღაპრული ხახვის ფურცლებს, გზის გასაგნებად, გადასარჩენად…“

487
nino-tarxnishvili

რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი სოციალურ ქსელში ცნობილ ფოტოს ეხმაურება, რომელიც ახლახან გავრცელდა სოცქსელში და სადაც ჩანს უკრაინელი გოგონას ზურგი, რომელზეც დედას ბავშვის შესახებ მონაცემები აქვს დატანილი…

„2019 წელს დაბადებულ ვირას ალბათ ეღუტუნებოდა, როცა დედა შიშველ ზურგზე, ლურჯი მელნით აწერდა სახელსა და გვარს, დაბადების თარიღს და ტელეფონს, იმ შემთხვევისთვის, თუკი ვირა მარტო დარჩებოდა.

თუკი დედა დაიჭრებოდა.

თუკი დედა მოკვდებოდა.

სანამ დედა ვირას ზურგზე აწერდა სახელს, იქნებ, თან ასე ართობდა:

მოდი, დე, ვითომ ზურგზე მზე ამოგივიდა, ჩიტები მოფრინდნენ, ბავშვები ბურთს თამაშობენ…

მოიცა, მოიცა, არ გაინძრე, თორე, აი, ჩიტს უშნო ფრთა მივახატე.

ჰეჰ, რა ლამაზი გაზაფხული დადგა შენ ზურგზე.

და ვირაც იცინის, თან ეღუტუნება, თან უხარია, ეს რა კარგი თამაში მოიფიქრა დედამ.

თან, უკვირს, რა დაემართა დედას?

ცოტა ხნის წინ, ლოყებს რომ იფერადებდა ფლომასტერებით, დედა შენიშვნას აძლევდა ხოლმე.

ახლა კი თავისი ხელით უფერადებს ზურგს.

დედა მშვიდადაა.

სრულყოფილად მოხატა ვირას ზურგი.

ახლა რომც მოკვდეს, ვირას ზურგი ინახავს თორმეტნიშნა რიცხვს, წინ პლუსით, როგორც ზღაპრული ხახვის ფურცლებს, გზის გასაგნებად, გადასარჩენად.

მთავარია, ლურჯმა მელანმა გაძლოს ვირას ოქროსფერ ზურგზე.

პ.ს. ხანდახან დასახიჩრებულ გვამებზე უფრო შემზარავი, ერთი შეხედვით, უბრალო, უსისხლო ფოტოებია.

სიტუაცია იმდენად მძიმე და დრამატულია, ამ ყველაფერზე რაღაც მხატვრული სიტყვების რახა-რუხი ზედმეტი მგონია, მაგრამ მაინც, ხელი წამიცდა…“