გორში, ჩხუბის შემდეგ გარდაცვლილი, ერეკლე თედლიაშვილის ოჯახის ადვოკატი თამარ თედლიაშვილი აცხადებს, რომ „ნიუ ჰოსპიტალსის“ და „ჯერარსის“ კლინიკები ვალდებული არიან ოჯახს და ყველა დაინტერესებულ პირს პასუხი გასცენ, რატომ დადგა ფატალური შედეგი.
ადვოკატის თქმით, ოჯახი ამ საქმეში კლინიკების ბრალეულობის გამოძიებას მოითხოვს, რადგან თუკი ერეკლე თედლიაშვილი სარეაბილიტაციოდ მზად არ იყო, რატომ გადაიყვანეს „ჯერარსის“ კლინიკიდან „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაში.
„დაიწყო არსებითი განხილვა თარაშ კანდელაკის საქმეზე. მას ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. როდესაც საქმე სასამართლოში ამ მუხლით იყო გადაგზავნილი, ერეკლე გარდაიცვალა, ამიტომ გლდანი-ნაძალადევის მთავარმა სამმართველომ ცალკე დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო გარდაცვალების ფაქტზე და იქიდან გამომდინარე, რომ საქმე არის სასამართლოში ბრალდების დამძიმება ვერ მოხდება. 3 თვის განმავლობაში, როდესაც ერეკლე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა, მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და სიცოცხლისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ ჰქონია. ჩვენთვის თავიდანვე იყო ცნობილი ექიმების ერთი ჯგუფისგან, რომ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება იყო და ერეკლეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლებელი იყო. ამის მიუხედავად „ჯერარსის“ კლინიკა მკურნალობდა ერეკლეს და თვენახევრის შემდეგ კლინიკის ექიმებმა განაცხადეს, რომ მათ ამოწურეს შესაძლებლობები, ბავშვი იყო სარეაბილიტაციო და ოჯახს შეეძლო წაეყვანა სხვა კლინიკაში ან სახლში სარეაბილიტაციოდ. ოჯახმა არჩია „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაყვანა და გადაყვანიდან სამ დღეში ერეკლეს მდგომარეობა უფრო მეტად დამძიმდა და ამიტომ ერეკლე ისევ გადაიყვანეს კლინიკა „ჯერარსში“, სადაც იგი გარდაიცვალა კიდეც. ჩვენთვის საინტერესოა გამოიწვია თუ არა თარაშ კანდელაკის მიერ მიყენებულმა დაზიანებებმა ერეკლეს გარდაცვალება, მაგრამ ასევე გვაინტერესებს სამედიცინო დაწესებულებების მოქმედება და იკვეთება თუ არა მათი ბრალეულობა“, – განაცხადა თამარ თედლიაშვილმა.
ადვოკატი აცხადებს, რომ ოჯახი ენდობა სასამართლოს და თუკი ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები დადასტურდება, თარაშ კანდელაკის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.
„ახლა გამოძიება მიმდინარეობს 117-ე მუხლის პირველი ნაწილით. ჩვენ აბსოლუტურად ვენდობით სასამართლოს და როდესაც დაიკითხება 100-ზე მეტი მოწმე, რომელთა უმრავლესობა ამბობს, რომ დაზიანება ერეკლეს თარაშ კანდელაკმა მიაყენა, თუკი დადასტურდება ბრალდების მხარის ანუ ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, თარაშ კანდელაკის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება. მაგრამ თუ ბრალდების მხარე ვერ წარადგენს მტკიცებულებებს შემდეგ, რა თქმა უნდა, ვერ მოვთხოვთ პასუხს სასამართლოს და თარაშ კანდელაკის მიმართ გამამართლებელი განაჩენი იქნება“, – აცხადებს თამარ თედლიაშვილი.
შეგახსენებთ, 8 ივნისს, გორში მდებარე რესტორან “ჟოზეფში“ ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილს სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.
მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავებმა თარაშ კანდელაკი დააკავეს, რომელსაც გორის რაიონულმა სასამართლომ 12 ივნისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. თარაშ კანდელაკმა გირაოდ გათავისუფლებაზე უარი თქვა. მიზეზად როგორც მისმა ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ „ფორტუნას“ განუცხადა, როდესაც ადამიანი გარდაცვლილია, გამოძიების დასრულებამდე გათავისუფლება, მისთვის მიუღებელია.