დედა სიდონია ნინოწმინდის პანსიონის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს.
დედა სიდონია კითხვებით მიმართავს ეკლესიას და ამბობს, რომ მათ „შეცდომების აღიარების ეშინიათ“, ხოლო იმ ადამიანებს, ვინც ეკლესიას „დისკომფორტს უქმნიან“, სჯიან:
„როგორ მივედით იქამდე რომ, ასე გულგრილად შეგვიძლია მოვიკვეთოთ, გავიუცხოვოთ ადამიანები, რომლებიც ჩვენეულ წარმოდგენებს არ ექვემდებარებიან… ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო ადამიანებთან, სწორედ ესაა მწყემსის სიბრძნე!!! ის “ლგბტიებიც“ და “ლიბერალებიც“ განა ჩვენივე შვილები არ არიან?…
ეკლესიის ამოცანა არ არის ტრადიციის დაცვა, მისი ამოცანაა ადამიანებთან მიიტანოს ღვთის სიტყვა, რადგან “შაბათი კაცისათვის შეიქმნა, და არა კაცი შაბათისათვის.” (მარკ. 2,27) ადამიანია მთავარი, ადამიანი რომელსაც დღეს ასეთ გაურკვევლობასა და ნიჰილიზმში ვამყოფებთ!..
რატომ ვართ სულ თავის მართლებაში, რატომ არის გულწრფელობის ასეთი დეფიციტი დღეს ეკლესიაში?! ქრისტემ ხომ გვასწავლა – სამოცდაათ შვიდგზის მიუტევეთო.
მაშ, რატომ გვეშინია შეცდომების აღიარების, სინანული ხომ ქვაკუთხედია ჩვენი სარწმუნოების სიწმინდისა?.. ჩვენ ხომ, ადამიანები იმისთვის გვენდობიან და მოგვყვებიან, რომ ყველაფერზე ამაღლებულნი და ყველაზე ადეკვატურნი უნდა ვიყოთ მიწიერ მოვლენებში.
როცა თქვენ გეხებიან, ბრძოლაა და, როცა ჩვენ, ვინც დისკომფორტს გიქმნით გვსჯით და გვეხებით – უფლის ნებაა? იქნებ თქვენც უფალი მიგანიშნებთ და მაინც გონს ვერ მოდიხართ. რატომ გეხებიან ვერ ხვდებით? ეს არაა თეოკრატიული სახელმწიფო…
რაც შეეხება ნინოწმინდის პანსიონს, სანამ პრობლემატიკაში გავერკვეოდი, თვალში მომხვდა ორი რამ:
- ბავშვების მიმართ ცივი დამოკიდებულება და
- მეორე, მოუვლელი ეზო… რომელიც, ძალიან ბევრს მეტყველებს გარემოს მიმართ დამოკიდებულებაზე…
- მე ვინც მიყვარს, ასეთ ეზოში არ ვაცხოვრებ.
გაორებული ვწერ, ამდენი ბრძოლის მერეც კი, მაინც კომპლექსი მაქვს რომ, ქალი ჩუმად უნდა იყოს, მაშინ როცა “არცა მამაკაცება, არცა დედაკაცება, არამედ თქვენ ყოველნი ერთ ხართ“(გალ. 3,28).
ნუ აჯერებთ მრევლს რომ, მონაზვნობა “ხმის ჩაკმენდას ნიშნავს”! ეს ცხოვრების წესია, რომელიც ჩემი არჩევანი და ნებაყოფლობითი აქტია, და არა გარიგება – პიროვნული თავისუფლების დათრგუნვის ხარჯზე სტატუსის მიღებისა! მონაზვნობა არ არის – განაჩენი! და ეს სად, იმ ეკლესიაში, სადაც ქალმა, წმინდა ნინომ იქადაგა, აჩრდილივით მომყვება ეს კომპლექსი, მიუხედავად რომ, გავიაზრე – ეს ასე არ არის…
P.s ის, რაც ხდება ეკლესის ირგვლივ, არ უნდა გახდეს პანიკისა და აღშფოთების საფუძველი, მით უმეტეს, მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ყოფნისა. უნდა გადავხედოთ, რამდენად მართალნი ვართ ჩვენს მოწოდებაში და საქმით ჩავასწოროთ შეცდომები.
ოდესღაც ხომ უნდა გავიზარდოთ, გავიაზროთ, სად და რატომ ვდგავართ, რას და როგორ ვემსახურებით!“, – წერს სქემმონაზონი სიდონია.
2018 წელს სქემმონაზონი სიდონია საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ტოლერანტობის ქომაგად დაასახელა. ის საბერძნეთის ეკლესიას დაქვემდებარებული მონაზონია.
დედა სიდონიას საქმიანობა და განცხადებები არაერთხელ იქცა საქართველოს საპატრიარქოს მიერ კრიტიკის საფუძვლად.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც მონაზონი სიდონია ტოლერანტობის ქომაგის წოდებით დაჯილდოვდა, საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ დედა სიდონია კარგა ხანია საბერძნეთის ეკლესიის დაქვემდებარებაშია და დიდი სქემაც იქ მიიღო.
დიდსქემოსნობა, ფაქტობრივად, განდეგილური ცხოვრების წესს ნიშნავს, რაც ამ პიროვნებისთვის, სამწუხაროდ, საერთოდ უცხო აღმოჩნდა.
იგი არ მოქმედებს არც საბერძნეთის და არც საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობით და ამდენად, მის საჯარო ქმედებებთან არცერთ ეკლესიას კავშირი არა აქვს“.
შეგახსენებთ, ნინოწმინდის პანსიონატიდან მოზარდების გაყვანის პროცესი 4 ივნისიდან მიმდინარეობს. 14 ივნისის მონაცემებით, პანსიონატიდან გაყვანილია 30 მოზარდი. პანსიონატში 23 ბავშვი რჩება.