ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით შესაძლო მოსპობას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით კი, 25 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის ფაქტზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა კონფლიქტი განმუხტეს და კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დაიწყეს, რა დროსაც მათთან, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა.
„იგი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემო მყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა. აღნიშნული პირის, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, იგი უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება,“ – ნათქვამია შსს-ს მიერ 25 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.