საკანონმდებლო ინიციატივა ქორწინების განსაზღვრებასთან დაკავშირებით უკვე დამტკიცებულია. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დადგენილების პროექტმა დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ერთიანი დამოკიდებულება ამ თემისადმი არ აქვთ არც მმართველ კოალიციაში.
„ერთმანეთს ანგარიში გავუწიოთ და ნებსით თუ უნებლიედ ერთმანეთისგან ნუ შევქმნით მტრის ხატს,“ – ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა.
ხმაურიანი საპროტესტო განცხადებები გააკეთეს სხდომათა დარბაზში უმცირესობის წარმომადგენლებმა.
“არის თუ არა ამ დარბაზში ვინმე, ვისაც ეჭვი ეპარება, რომ ქორწინება მართლაც ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი, სოციალური ერთობაა?! ამ დარბაზის მიღმა არსებობენ თუ არა ისეთი მოქალაქეები, რომლებიც ამას ეჭვქვეშ აყენებენ?! თვით უმრავლესობის წარმომადგენელმაც კი ბრძანა, რომ 99% და კიდევ მეტი არის გამზიარებელი იმისა, რაზეც ვსაუბრობთ. მაშ, რატომ დადგა საკითხი დღის წესრიგში?! ჩემდა სამწუხაროდ, ამის ერთადერთი მოტივი ძალიან მდაბიო პოლიტიკური მოტივია – მე მაინტერესებს, როგორ დაკნინდა, როგორ დადგა დაცემის გზაზე საქართველოს პარლამენტი, რომ ყველა ჩვენი მოქალაქისათვის ამ სრულიად ცხად საკითხს პოლიტიკური, საზოგადოებრივი აჟიოტაჟის საგნად ხდის”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
