„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, 30 დეკემბერს გაიმართება პარტიის ყრილობა 350-მდე დელეგატის მონაწილეობით. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ყრილობაზე სამუშაო რეჟიმში განიხილავენ საერთო პოლიტიკურ და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს. გარდა ამისა, პარტიის ყრილობაზე განახლდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა.
კობახიძის განცხადებით, პარტიის ახალი წესდებით, პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში 20-ის ნაცვლად 15 წევრი აირჩევა და მათ შორის აღარ იქნებიან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.
მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ყრილობას დასამტკიცებლად წარედგინება პოლიტიკური საბჭოს შემდეგი შემადგენლობა:
- ირაკლი ღარიბაშვილი
- კახა კალაძე
- შალვა პაპუაშვილი
- მამუკა მდინარაძე
- დიმიტრი სამხარაძე
- თეა წულუკიანი
- ვახტანგ გომელაური
- თორნიკე რიჟვაძე
- გიორგი ვოლსკი
- არჩილ თალაკვაძე
- ირაკლი ჩიქოვანი
- ანრი ოხანაშვილი
- ნიკოლოზ სამხარაძე
- მაკა ბოჭორიშვილი
- მარიამ ქვრივიშვილი.
კითხვას, დარჩებიან თუ არა კახა კუჭავა და ეკატერინე ტიკარაძე პარტიაში, პოლიტიკური საბჭოს დატოვების მიუხედავად, კობახიძე პასუხობს: „დიახ“.
„პოლიტსაბჭოს შემადგენლობა უცვლელი სახით დამტკიცდება, ბოლო პერიოდის განმავლობაში კახა კუჭავა და ეკატერინე ტიკარაძე არ იყვნენ ფაქტობრივად ჩართულები პარტიულ საქმიანობაში. მათთან გვქონდა საუბარი. ისინი აღარ არიან წარმოდგენილები პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში, დანარჩენი შემადგენლობა უცვლელია. თავის დროზე პოლიტსაბჭო 21 წევრის შემადგენლობით დამტკიცდა, ახლა ვამცირებთ. 15+1 იქნება შემადგენლობა“,- განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, კობახიძემ უპასუხა კითხვას, დაესწრება თუ არა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ყრილობას. მისი თქმით, „პოლიტსაბჭოზე ეს თემა განხილვის საგანი არ ყოფილა“.
„მისი გადაწყვეტილება იყო ის, რაც უკავშირდებოდა პოლიტიკიდან გასვლას, თუ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას, ეს მისი გადაწყვეტილება იქნება და გუნდი მიესალმება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
